ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთი ელოდება შესაბამის სიგნალებს აშშ-ისგან" - რუსეთის ელჩი გაეროში


გაეროში რუსეთის ელჩმა კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვი ვაშინგტონიდან „შესაბამის სიგნალებს“ ელის კონტაქტის დასამყარებლად. თუმცა თქვა, რომ მას ნაკლები მოლოდინი აქვს, რომ გაეროში ამერიკის დელეგაციასთან ურთიერთობები გაუმჯობესდება.

ვასილი ნებენზიამ ეს კომენტარი რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-სთან ინტერვიუში მანამდე გააკეთა, სანამ მედიაში გავრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკას უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესი აქვს. ტრამპმა არ გაამჟღავნა დეტალები, მაგრამ აღნიშნა, რომ მომავალშიც დამატებით კონტაქტს ელოდება.

ნებენზიამ RIA-ს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საკითხზე ამერიკასთან მოლაპარაკებებისთვის „თანაბარი პირობებისთვის" მზადაა.

„ჩვენ გახსნილი ვართ კონტაქტისთვის, მაგრამ თანაბარ პირობებზე და აუცილებელ მოთხოვნად რჩება რუსული ინტერესების გათვალისწინება“, – განაცხადა ნებენზიამ, რომელიც რუსეთის მუდმივი წარმომადგენელია გაეროში. „ჩვენ ველოდებით შესაბამის სიგნალებს ამერიკული მხრიდან.“

ტრამპმა, რომელიც პირობას დებს, რომ დაასრულებს ომს, თუმცა საამისოდ ჯერჯერობით საჯაროდ არ წარმოუდგენია კონკრეტული გეგმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც რუსებთან, ისე - უკრაინელებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით, მაგრამ დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.

პარასკევს, პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე, Air Force One-დან მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა “ნიუ-იორკ პოსტს” განუცხადა, რომ ჯობს არ თქვას, თუ რამდენჯერ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს. მან ასევე არ გაამჟღავნა, როდის შედგა ბოლო საუბარი.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ შეუძლია არც დაადასტუროს და არც უარყოს ეს ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG