შეერთებული შტატები დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო), განაცხადა 20 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, გაეროს ჯანდაცვის ორგანომ არასწორად მართა COVID-19 პანდემია და ჯანდაცვის სხვა კრიზისები.
პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ჯანმომ ვერ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და "წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან" გათავისუფლება. ამერიკის ლიდერი თვლის, რომ ორგანიზაციამ სხვა დიდ სახელმწიფოებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად ჩინეთი, უსამართლოდ და არაპროპორციულად დიდი თანხები მიიღო შეერთებული შტატებისგან.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაძარცვა შეერთებული შტატები, ამას ყველა აკეთებს. ეს აღარ მოხდება", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა, როცა ხელს აწერდა აღმასრულებელ განკარგულებას ჯანმოს დატოვების შესახებ. ბრძანებულებას მან ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მოაწერა.
21 იანვარს ჯანმომ პასუხად განაცხადა, რომ სამწუხაროა მთავარი დონორი ქვეყნის ორგანიზაციიდან გასვლა. ”ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები გადახედავს გადაწყვეტილებას და ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ შედგება კონსტრუქციული დიალოგი ყველას საკეთილდღეოდ, როგორც ამერიკელების, ისე მთელი მსოფლიოს ხალხებისთვის", - განუცხადა ჟენევაში შეკრებილ ჟურნალისტებს ჯანმოს სპიკერმა ტარიკ იასარევიჩმა.
განკარგულების აღსრულებას დაახლოებით 12 თვე დასჭირდება, რათა შეერთებულმა შტატებმა დატოვოს გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს პროგრამები და შეაჩეროს ყველა შენატანი. ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდამჭერია, რომელიც საკუთარ თავზე მთლიანი დაფინანსების დაახლოებით 18%-ს იღებს. ჯანმოს ბოლო ორწლიანი ბიუჯეტი 2024-2025 წლებში $6.8 მილიარდს შეადგენდა.
Facebook Forum