ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართული ოცნება“ მედიისა და არასამთავრობოების თაობაზე ახალ კანონებს აანონსებს


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების ახალ პაკეტზე მუშაობს. მოსალოდნელი ცვლილებები მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხება. ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მიმართულებით შესატანი ცვლილებების კიდევ ერთი პაკეტი.

ახალი ცვლილებები, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მოიცავს „მედიის კანონს“, ასევე, „ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგს“ და სხვა რამდენიმე ინიციატივას, მათ შორის საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უცხოური დაფინანსების რაიმე სახით მიღებას - ტრენინგებსაც კი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ ცვლილებების მიღებას „ქართული ოცნება“ მომდევნო ორი თვის განმავლობაში გეგმავს.

„მედიის კანონი“

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი... რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“, - განაცხადა მდინარაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ასევე, განისაზღვრება „აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები“. მან თქვა, რომ ამ კანონს „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“ მიიღებენ.

„შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - დასძინა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ 2023 წელს მიიღო დასავლელი ლიდერების მიერ რუსული სტილის კანონად შეფასებული ე.წ. „აგენტების კანონი“, რაც საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ გაიწვია. მოგვიანებით კი 2024 წელს კვლავ მიიღო იგი, შეცვლილი სახელით.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 2024 წელს პარლამენტმა მიიღო „FARA-ს [აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“] მსუბუქი ვერსია“, რომელიც, მისი თქმით, „ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია“.

„თუმცა იცით, რომ ძალაში შესვლის მიუხედავად რეესტრში რეგისტრაციაც არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - განაცხადა მან.

„დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი“, - განაცხადა მან.

მდინარაძემ ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატების ახალმა ხელისუფლებამ „აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არეულობისა და რევოლუციის მხარდაჭერას“. მსგავსი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

„რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, წეზოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობისა და ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირება, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რათა ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს შიდა საქმეებში ჩარევა“, - განაცხადა მდინარაძემ.

არასამთავრობოების მონაწილეობის გამორიცხვა

მამუკა მდინარაძის მიერ ბრიფინგზე ჩამოთვლილ ინიციატივებში ერთ-ერთი იყო არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში.

„აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომელიც ითვლაისწინებს საჯარო გადაწყვტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას“, - თქვა მდინარაძემ.

უცხოური დაფინანსების მიღების შეზღუდვა საჯარო სექტორში

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, საჯარო სექტორში დასაქმებულებს ეზღუდებათ უცხოური დაფინანსებით სარგებლობა.

„შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებებული სარგებლის მიღება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და ჩამოთვალა, რას ეხება ეს შეზღუდვა, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი სახელფასო დანამატი, საუბარია ტრენინგის დაფინანსებაზე, ვიზიტზე თუ ა.შ.

XS
SM
MD
LG