ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუვალუ და საქართველო ისევ დაძმობილდნენ


ტუვალუს საგარეო მინისტრი ტაუკელინა ფინიკასო თბილისში
ტუვალუს საგარეო მინისტრი ტაუკელინა ფინიკასო თბილისში

ფუნაფუტიმ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა

ბოლო ათი თვის მანძილზე, ოკეანეთის უკვე მეორე ქვეყანამ გააუქმა აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ "დამოუკიდებლობის აღიარების" გადაწყვეტილება. ვანუატუს ამჯერად ტუვალუმ მიბაძა, ოფიციალურმა ფუნაფუტიმ ორშაბათს, დიპლომატიური ურთიერთობა ისევ საქართველოსთან დაამყარა.

თბილისში ამ მისიით სპეციალურად, ტაუკელინა ფინიკასო ჩამოვიდა, იგი ერთდროულად, ტუვალუს საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის, შრომისა და ვაჭრობის მინისტრია. მას საქართველოში მაია ფანჯიკიძემ უმასაპინძლა

„ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

„ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.
მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი

არსებული წესისამებრ, სახელმწიფოებს შორის გამოფორმებული ოქმის რეგისტრაცია მოხდება გაეროს სამდივნოში. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს ტუვალუს ახალი მთავრობის მკაფიო განზრახვას უარი თქვას 2011 წლის გადაწყვეტილებაზე.“

საქართველო და ტუვალუ მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე პირველად, 2010 წლის სექტემბერში გადაიკვეთნენ. ოკეანეთში რუსული დიპლომატიის გააქტიურების შემდეგ, თბილისმა ფუნაფუტის მაშინ 12 000 დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, 2011 წლის თებერვალში კი ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობაც დაამყარეს.

თუმცა, სულ მალე გამოჩნდა, რომ ტუვალუ უბრალოდ ვაჭრობდა. 2011 წლის სექტემბერში, ფუნაფუტიმ უკვე აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ "დამოუკიდებლობა" აღიარა.

ერთი თვის შემდეგ კი არქიპელაგმა დიპლომატიური ურთიერთობა „აღიარების სცენარის“ ავტორთან რუსეთის ფედერაციასთან დაამყარა. საპასუხოდ, თბილისმა ფუნაფუტისთან დიპურთიერთობა გაწყვიტა.

2011-2012 წლებში ტუვალუს მაშინდელმა პრემიერმა ვილი ტელავიმ სოხუმსა და ცხინვალში ორჯერ უკანონოდ იმოგზაურა და საქართველოს კანონი უხეშად დაარღვია. აფხაზებმა შორეული ოკეანეთიდან ჩასულ ტელავის პირველი აფხაზი მხატვრის ალექსანდრე შერვაშიძის (ჩაჩბას) წიგნიც კი აჩუქეს.

ტუვალუს პრემიერი ვილი ტელავი და აფხაზი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი სერგეი შამბა, 2011 წელს, ოკუპირებულ სოხუმში
ტუვალუს პრემიერი ვილი ტელავი და აფხაზი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი სერგეი შამბა, 2011 წელს, ოკუპირებულ სოხუმში

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, 2012 წლის დეკემბერში, როცა მოულოდნელად ტუვალუს ფინანსთა მინისტრი, ყოფილი ფეხბურთელი ლოტოალა მეტია გარდაიცვალა, იგი პარალელურად პარლამენტარიც იყო.

საჭირო გახდა შუალედური არჩევნების დანიშვნა, რომელიც 2013 წლის ივლისის ბოლოს ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოიგო. 1 აგვისტოს კი უკვე ხმათა უმრავლესობის მქონე ოპოზიციამ პრემიერი ვილი ტელავი და მისი მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა.

„ჩვენ ხელახლა დავამყარეთ დიპურთიერთობები. ტუვალუს მთავრობა სრულიად აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც ცხინვალს და აფხაზეთს მოიცავს.
ტაუკელინა ფინიკასო, ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრი

ტუვალუს რიგით მე-12 პრემიერ-მინისტრი ენელე სოპოაგა გახდა, მისი ახალი კაბინეტის წევრმა ტაუკელინა ფინიკასომ თბილისში გამოსვლისას კერძოდ აღნიშნა

„ჩვენ ხელახლა დავამყარეთ დიპურთიერთობები ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერით. ტუვალუს მთავრობა სრულიად აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც ცხინვალს და აფხაზეთს მოიცავს.

ჩვენ ასევე მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რაც საშუალებას მოგვცემს ტუვალუსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა დამყარდეს.“

ტუვალუს და ვანუატუს გადაწყვეტილების შემდეგ, მსოფლიოში ოთხი ქვეყანა დარჩა, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალს ე.წ "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" მიიჩნევენ.

ესენია: თავად ოკუპანტი რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. თბილისში იმედოვნებენ, რომ მეზობელი ქვეყნების ახალ პოლიტიკას შესაძლოა, კუნძულმა ნაურუმაც მიბაძოს.

ტუვალუ ოკეანეთის რეგიონში - პოლინეზიაში, ცხრა მარჯნის კუნძულზეა განლაგებული. ხმელეთის საერთო ფართობი სულ 26 კვადრატული კილომეტრია. არქიპელაგზე 11 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან 5000 კაცი დედაქალაქ ფუნაფუტიში. ბრიტანეთის ყოფილმა კოლონია ტუვალუმ დამოუკიდებლობა 1978 წელს მოიპოვა.

XS
SM
MD
LG