საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის დანიშვნის შესახებ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მხრიდან ინფორმირებული იყო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 8 აგვისტოს გაჩნდა მცირე ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსად 31 წლის ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დაინიშნა. დამატებითი განმარტება, თუ რა მიზეზით იქნა შეცვლილი 51 წლის გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე არ გაკეთებულა.
ჭანკოტაძე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2005 წელს, ერთხელ უკვე დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან. თუმცა, 2007 წელს, იგი საარტილერიო ბრიგადის მეთაურად დააბრუნეს. ეს ბრიგადა რუსეთთან ომის დროს ერთ-ერთი სანიმუშო იყო.
რუსეთთან ომის შემდგომ, ჭანკოტაძე შტაბის უფროსის მოადგილე გახდა, 2009 წლის მარტში კი შტაბის უფროსის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვალა. გასულ კვირას ევროპაში ამერიკის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალს გენერალ ლეიტენანტ ჯონ პაქსტონს სწორედ დევი ჭანკოტაძემ უმასპინძლა. 8 ოქტომბერს კი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჭანკოტაძე გიორგი კალანდაძით შეცვალა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ამბობს:
„ამ ცვლილების შესახებ ჩვენ საქმის კურსში შეგვიყვანეს, ინფორმირებული ვიყავით. კანდიდატურაც ცნობილი იყო ჩვენთვის, მისაღები, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ცნობილი იყო.
ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ქვეყნის მართვაზე პასუხიმგებლობას, ვიდრე არ მოხდება ხელისუფლების გადმოცემა, იღებს მოქმედი მთავრობა, „ნაციონალური მოძრაობა".
როგორც მოხდება ხელისუფლების გადმოცემა შეიცვლება ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი. რაც შეეხება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს, ეს იქნება შეთანხმების საგანი.
ამ თანამდებობის დანიშვნის პრეროგატივა აქვს პრეზიდენტს, იგი რჩება ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ კანდიდატურა მომავალში იქნება შეთანხმებული.“
ვინ არის გიორგი კალანდაძე? 31 წლის სამხედროს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ზე-ფანტასტიკური კარიერა აქვს გაკეთებული. 26 წლის ასაკში კალანდაძე მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41 ბატალიონის შტაბის უფროსი იყო; ერთ წელიწადში 41- ბატალიონის მეთაური გახდა; კიდევ ერთ წელიწადში უკვე მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთთან ომი დროს, ამ უწყებამ 169 ჯარისკაცი დაკარგა, აქედან 58 დაღუპული მეოთხე ქვეით ბრიგადაზე მოდის. დაიღუპნენ მეოთხე ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის და პირველი ბატალიონის მეთაურები, ქვედანაყოფების შტაბის უფროსები. ცხინვალზე შეტევისას მეოთხე ბრიგადის 300-ზე მეტი მებრძოლი დაიჭრა, მათ შორის ბრიგადის მეთაური გიორგი კალანდაძე, რომელსაც მაშინ მაიორის ჩინი ჰქონდა. ბრიგადის თითქმის მთელი საბრძოლო ტექნიკა განადგურდა ან მტერს ჩაუვარდა ხელში.
ამ ფაქტების მიუხედავად, კალანდაძემ კარიერული წინსვლა განაგრძო. იგი სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, შემდეგ სარდალი, 30 წლის ასაკში კი გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე გახდა.
გიორგი კალანდაძეს მიღებული აქვს თითქმის ყველა სამხედრო ჯილდო. წელს, 9 აპრილს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კალანდაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა, მაშინ კალანდაძე ჯერ კიდევ პოლკოვნიკი იყო, ზაფხულში კი ბრიგადის გენერალი გახდა.
შტაბის უფროსად გიორგი კალანდაძის დანიშვნას ტრადიციული წარდგენა არ მოჰყოლია. თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი არჩევნების შემდეგ საქართველოდან წასულია. თავდაცვის მომავალი მინისტრი ირაკლი ალასანია კი ამბობს, რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობა გამორიცხულია.
„არავითარი ორხელისუფლებიანობა საქართველოში არ იქნება. დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა", გამარჯვა „ქართულმა ოცნებამ". საზოგადოების უმრავლესობის ნებით. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად, ის ადამიანი თუ პოლიტიკოსი ვინც ფიქრობს, რომ შესაძლებელია შეეწინააღმდეგოს საზოგადოების ნებას, პარლამენტში არჩეულ უმრავლესობას და მის მიერ არჩეულ მთავრობას ძაან ცდება.
მესმის, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცდილობენ შეაფერხონ, შეანელონ პარტიის, გუნდის ჩამოშლა. ეს გასაგებია, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რაღაც გუნდი შეიძლება შეინარჩუნონ, მაგრამ პროცესები მაინც განვითარდება თავისი გზით.“
არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, კონკრეტულად მისი ძალაუფლების გაძლირების კუთხით.
დღეს მას თბილისის მერმა გიგი უგულავამაც მიბაძა, რომელმაც თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური შექმნა. თბილისის მერისა და სხვა თანამდებობის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, ამ სამსახურს „ბაღებში, სკვერებში, პარკებში, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირების მოხდენა“ ევალება. მანამდე ყველა ეს ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა იყო.
გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის „ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ“ უკვე განაცხადეს, რომ „პოსტსაარჩევნო პერიოდში ახალი პარლამეტისა და მთავრობის ფუნქციონირების დაწყებამდე ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება მიზანშეწონილი არ არის და საჭიროებს დამატებით განმარტებებს საზოგადოებისთვის.“