პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე ნინო ბურჯანაძე, მეორე ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში ჩავიდა და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ეს შეხვედრა მარტში გაიმართა. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკვე დაგეგმილია ახალი შეხვედრა პუტინთან, რომელიც უახლოეს მომავალში ასევე მოსკოვში შედგება.
ამავე დროს, ნინო ბურჯანაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ ის პრორუსს პოლიტიკოსად ტრასფორმირდა და საქართველოს შიდა საქმეების გადაჭრას რუსეთის მხარდაჭერით გეგმავს.
ამ ფონზე, ბურჯანაძე სააკაშვილის ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. პარალელურად კი ცდილობს, ოპოზიციური პარტიები მის მიერვე მხარდაჭერილ „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ მუშაობაში ჩართოს. ამ თემებზე, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე ესაუბრა:
ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხდება ხაზგასმა, რომ თქვენ პრორუსი პოლიტიკოსი ხართ და რუსეთის მხარდაჭერით, გსურთ ქვეყანაში ხელისუფლების შეცლა. ხომ არ თვლით, რომ შეცდომა დაუშვით, როცა მოსკოვში პუტინთან და მედვედევთან ერთად გამოჩნდით და ამან, სერიოზულად დააზარალა თქვენი იმიჯი?
არა. არ გეთანხმებით კატეგორიულად! მე შეცდომა დავუშვი მაშინ, როცა სააკაშვილის პიარს ავყევი, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მაშინ არ შევეცადე, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ისე არ გამწვავებულიყო, როგორც ახლაა გამწვავებული.
რაც შეეხება ვინმეს პრორუსულობას. სასაცილოა სააკაშვილის მხრიდან ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ სააკაშვილმა რაც გაუკეთა რუსებს, ის არ გაუკეთებია, საქართველოში რუსეთის იმპერიის არცერთ მეფისნაცვალს.
ძალიან სამწუხარო იქნება, თუ დასავლეთის პოლიტიკურ ძალებში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ამ პიარ პროპაგანდას წამოეგებიან და ელემენტარულ ანალიზს ვერ გააკეთებენ, სინამდვილეში ვინ გააძლიერა რუსეთის გავლენა კავკასიის სამხრეთ ნაწილში.
ოპოზიციის დიდი ნაწილი გასულ კვირას, დემონსტრაციულად არ დაესწრო, „სახალხო კრების“ მოსამზადებენ შეკრებას ფილარმონიაში. პარალელურად, მათ ერთობლივად შეიმუშავეს წინადადებები საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრაზე კი უკვე თქვენ არ მიხვედით. გაკეთდა ასეთი შეფასება რომ ერთ მხარეს მთელი ოპოზიციური სპექტრი დარჩა და მეორე მხარეს ნინო ბურჯანაძე. არის თუ არა ეს „სახალხო კრების“ გარიყვის მცდელობა პოლიტიკური პროცესიდან და თუ ეს ასეა, რა არის ამის მიზეზი?
მე ვერ ვიტყვი რომ ერთ მხარეს მთელი ოპოზიციური სპექტრი დარჩა, ოპოზიციური სპექტრი, ჩვენი პარტიის, იგივე ლეიბორისტული პარტიის გარეშე, სრულყოფილი ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ ამჟამად, ყველაზე მეტი მომხრე ჩვენ გვყავს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნას ჩვენც ვუჭერდით მხარს, მაგრამ ჩვენ რეალურ გაუმჯობესებას ვუჭერთ მხარს და არა მხოლოდ კანონში შეტანილ ცვლილებებს. ეს ცვლილებები საკმარისი არ არის, კანონი დღესაც არ არის ცუდი, მაგრამ ეს კანონი არ მუშაობს.
ჩვენი მოთხოვნები არის, რაც „სახალხო კრებამ“ გამოაცხადა, რომ საარჩევნო პროცესის რეალური გაუმჯობესებისთვის, ხუთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდეს: პოლიციის დეპოლიტიზაცია, მედიის განთავისუფლება, ბიზნესის განთავისუფლება, ხელისუფლება პირდაპირ ატერორებს ბიზნესს და ბიზნესი არცერთ ოპოზიციურ პარტიას შიშის გამო არ აფინანსებს, დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია და დამოუკიდებელი სასამართლო.
„სახალხო კრების“ ფილარმონიაში შეკრების შემდეგ, გამოითქვა ასეთი აზრი, რომ დღეს, მხოლოდ ე.წ ცნობადი, თუნდაც საზოგადოებისთვის პატივსაცემი სახეების შეკრებით და აქტიურობით, შეუძლებელია, რეალური, ალტერნატიური, პოლიტიკური ენერგიის აკუმულირება. ასევე შეცდომად დასახელდა, ფილარმონიაში, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა, რას ფიქრობთ ამაზე?
ფილარმონიაში არ იყვნენ მარტო ცნობილი და ცნობადი სახეები. ფილარმონიაში მოვიდა გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ჩვენ, ორგანიზატორები ველოდით. ნაწილი ადამიანების უბრალოდ ვერ შემოვიდა დარბაზში და იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.
მეორეც, მე დავდივარ რეგიონებში და ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების და ხალხის განწყობა. და, იმ პოლიტიკური ძალებით, რომლებიც ვერ გაერკვნენ ცხოვრებაში რა უნდათ და მაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მხოლოდ და მხოლოდ გაუხანგრძლივეს სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა, ნამდვილად ვერ მოხდება სერიოზული პოლიტიკური ენერგიის აკუმულირება.
მე არ ვთვლი, რომ შეცდომაა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა, როდესაც ხელისუფლებაში გყავს არასერიოზული პრეზიდენტი, როდესაც ქვეყანაში გყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა დემოკრატიულ პრინციპს არღვევს... მე არ მგონია, ნორმალური და ცივილიზირებული ერისთვის, ასეთი ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, რომ რაიმე განსაკუთრებულია.
იქნება შთაბეჭდილება, რომ თქვენსა და „ეროვნულ ფორუმს“ შორის, ბოლო დროს ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ეს ნაწილია იმ მოძრაობისა რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თუ ამ დაპირისპირებას კიდევ ცალკე ისტორია აქვს?
ჩემთვის ძალიან უცნაურია და სრულიად აუხსნელი „ეროვნული ფორუმის“ ეს ქმედებები. მაშინ როდესაც ჩემი მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება იმისთვის, რომ „ეროვნული ფორუმი“ აქტიურად ჩაერთოს „სახალხო კრების“ მუშაობაში, მაშინ როდესაც „ფორუმი“ აკეთებდა განცხადებას, რომ მოისმეს, ჩვენს მოსაზრებებს ფილარმონიაში და შემდეგ გადაწყვეტს რას იზამს, ამ ფონზე, ჩვენი საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება და თითის გამოშვერა ძალიან უცნაურია.
მე მრჩება შთამეჭდილება, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, „ფორუმი“ წყალს ასხამს ხელისუფლების იმ პიარ კამპანიის წისქვილზე, სადაც ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია ორ ნაწილად გაყოს: ე.წ კონსტრუქციულ და ე.წ არაკონსტრუქციულ ნაწილად.
პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნებას ცდილობს, თავდაცვის და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საფრანგეთშია პოლიტიკურ ემიგრაციაში. „ქართული პარტიაში“ მისი ახალი პარტნიორები იქნებიან სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი... თქვენ ამ სიაში არ ხართ, რატომ? როგორ უყურებთ, ოქრუაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას და მომავალში წარმოგიდგენიათ თუ არა მასთან ალიანსი?
ჩვენი ჩვენი პოლიტიკური ძალა გვაქვს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიაა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ საქართველოში. ჩვენ ამ ზაფხულს ხელახალი აღწერა გავაკეთეთ ჩვენი მომხრეების და დაახლოებით, 25-27 ათასი რეგისტრირებული წევრი გვყავს.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს და მის პარტიას. მე არ დაგეთანხმებოდით, რომ ის ახლა ბრუნდება პოლიტიკაში. ის პოლიტიკაში დაბრუნდა და დრო და დრო თავის პოზიციებს აფიქსირებდა. მისი გადასაწყვეტია პოლიტიკურ ალიანსს ვისთან შექმნის და ეს ადამიანები რა პრინციპებით გაერთიანდებიან. მე არანაირ ალიანსში მათთან ყოფნას არ ვაპირებ, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პარტიასთან, კონსულტაციებს ან საუბარს არ გამოვრიცხავ.
თქვენ მოუწოდეთ, საზოგადოებას და პარტიებს, რომ არ დაეშვათ, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელზეც მმართველი ძალა 2009 წლიდან მუშაობს. თუმცა, ეს ცვლილებები, როგორც ჩანს მომავალ კვირას, უპრობლემოდ დამტკიცდება. თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ავტომატურად ხელისუფლებას 2012-13 წლების შემდეგაც შეინარჩუნებენ ?
არა, ნამდვილად არ ნიშნვას, ამას ავტომატურად, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არსებულ ხელისუფლებას 2012-13 წლამდე, მოსახლეობა არ შეეგუება და ძალიან მძიმე შედეგებით მოუტრიალდება ხელისუფლებას ეს კონსტიტიციური ცვლილებები.
მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ მე მოვუწოდე ხელისუფლებას რომ ეს ცვლილებები არ მიეღო, არამედ უპირველეს ყოვლისა მოუწოდა ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროპის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ორგანიზაციია.
ვენეციის კომისიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს საკონსტიტუციო რეფორმა და ცვლილებები, თავის თავში შეიცავს კონფლიქტის საფრთხეებს, რომ ეს დაარღვევს საკონსტიტუციო ბალანსს და მისი მიღება არ შეიძლება. ვენეციის კომისიამ პირდაპირ სთხოვა ხელისუფლებას, რომ ამ ცვლილებების მიღება გადადებულიყო, მაგრამ ამაოდ...
ხელისუფლება იცით როდის საუბრობს, დასავლურ დემოკრატიაზე, პრონციპებზე და ორგანიზაციებზე? როდესაც მას ეს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად სჭირდება. როცა მას არ მოსწონს, რასაც დასავლეთის ინსტიტუტები ან პოლიტიკური ლიდერები ეუბნებიან, ის ამ შენიშვნებს აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს და ახლაც ასე მოხდა.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიაღწიეთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, აპირებთ თუ არა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის თქვენი კანდიდატურის დაყენებას?
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ყველა არჩევნების იგნორირებას, იმიტომ რომ ბუნებრივია, არჩევნები, ყველა შემთხვევაში არის, ერთ-ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიტიკური ბრძოლა გააგრძელო. თუმცა, მეორეს მხრივ არის, ერთი ძალიან სამწუხარო პრობლემა, მე სწორედ ამიტომ ვითხოვ ხელისუფლების გადადგომას - დღევანდელ რეალობაში, არჩევნები პრაქტიკულად არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არსებული ხელისუფლება შეიცვალოს.