თბილისის საქალაქო სასამართლომ, თავდაცვისა და შსს ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთხელ შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავარმა პროკურატურამ ახალაიას ახალი ბრალი, თადარიგის პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის “წამების ორგანიზების მუხლით” წარუდგინა. თეთრაძე 2011 წლის 23 სექტემბერს გლდანის ციხეში დაიღუპა.
სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა. წამების შედეგად იგი გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალაკოკა კაციტაძე, პროკურორი
„ბაჩანა ახალაიას გეგმის მიხედვით, მერვე საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა ალექსი ტერაშვილმა და თამაზ სისაურმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა. თეთრაძე წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, გონს მოუსვლელად" - აღნიშნა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.
ბრალდების თანახმად, 2011 წლის სექტემბერში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, ბაჩო ახალაიამ სერგო თეთრაძის და კიდევ სამი პირის „წამების და სექსუალური ძალადობის ორგანიზება მოახდინა, რუსეთის ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით.“
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 2012 წლის 7 ნოემბრიდან, სხვა ბრალდებებით ისედაც პატიმრობაშია, ახალ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
თადარიგის პოლკოვნიკი, 57 წლის სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს თბილისში, საკუთარ დაბადების დღეზე დააკავეს. „ჯაშუშობის საქმეზე“, 3 წლის უკან, ასევე დაპატიმრებულები იყვნენ: თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი, მზვერავი დავით ლონდარიძე, ყოფილი სამხედრო, თბილისში დაბადებული, რუსეთის მოქალაქე სერგეი ჩაპლიგინი, რომელიც დაკავების დროს, კერძო სკოლა „ინტელექტში“ მუშაობდა და A კატეგორიის რადიო მოყვარული, გიორგი გორელაშვილი.
2011 წელს, ყველა დაკავებულს „უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშური ქსელის შექმნაში“ დასდეს ბრალი. საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ ვიცე პოლკოვნიკი ლონდარიძე, საბჭოთა ჯარში სამსახურის დროს, "დაუდგენელ დროს და ადგილას", „მაიორმა ჟუკოვმა“ და „მაიორმა ივანოვმა“ გადაიბირეს.
ამ ოთხი დაკავებულისგან ითხოვდნენ აღიარებას, რომ ისინი „რუსეთის ჯაშუშები“ იყვნენ. თადარიგის პოლკოვნიკმა სერგო თეთრაძემ ბრალი არ აღიარა, დაცვის მხარის მტკიცებით, იგი წამების დროს შემოაკვდათ. ოფიციალური ინფორმაციით კი თეთრაძე „საპატიმროში გულის შეტევით გარდაიცვალა“.
ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სერგოს სახელის საბოლოო რეაბილიტაცია მოხდეს. ჩემს ქმარს არ ჩაუდენია ქვეყნის ღალატი, რასაც აბრალებდნენ. ამის გამო ცემაში და წამებაში ამოხადეს სული. მაინც არ აღიარა ჯაშუშობა და მოღალატის სახელს, სიკვდილი არჩია.ნანა თეთრაძე, სერგო თეთრაძის მეუღლე
ლონდარიძე, ჩაპლიგინი და გორელაშვილი აცხადებენ, რომ ისინი სასტიკად სცემეს, აწამეს, „ბრალის აღიარების სანაცვლოდ“ კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ: ლონდარიძეს - 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა (აქედან 3 წელი ციხეში), ჩაპლიგინს - 7 წელი (5 წელი ციხეში) და გორელაშვილს - 8 წელი (6 წელი ციხეში).
ეს სამი ადამიანი ციხიდან 2013 წლის იანვარში, ახალმა ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსით, საყოველთაო ამნისტიის ფარგლებში გაანთავისუფლა. პარალელურად კი სერგო თეთრაძის სიკვდილის გარემოებების დადგენა და გამოძიება ხელახლა დაიწყო. თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:
„სერგო აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, თავდაცვის სამინისტროში 2007 წლის შემდეგ აღარ მუშაობდა, პენსიაზე გავიდა, შესაბამისად არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. 2011 წელს უბრალოდ გაწირეს, რომ ეს საქმე შეეკერათ და სხვა, მოქმედ სამხედროებზე „გასულიყვნენ“. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სერგოს სახელის საბოლოო რეაბილიტაცია მოხდეს. ჩემს ქმარს არ ჩაუდენია ქვეყნის ღალატი, რასაც აბრალებდნენ. ამის გამო ცემაში და წამებაში ამოხადეს სული. მაინც არ აღიარა ჯაშუშობა და მოღალატის სახელს, სიკვდილი არჩია.
ახლაც ვამბობ, დადონ თუ რამე აქვთ, რეალური მტკიცებულება სერგოს წინააღმდეგ, გარდა შეთითხნილი ჩვენებებისა და ყალბი საქმისა, რომელიც მისი სიკვდილის გამო, ჩაუვარდათ. მოხსნან ამ შეკერილ საქმეს გრიფი. როგორც ყველა დაკავებულს სერგოსაც ჩაუგდეს რაღაც „ფლეშკა“ (USB ფლეშ მეხსიერება) და ამაზე ააგეს მთელი საქმე“ - გვითხრა ნანა თეთრაძემ.
„ჯაშუშების“ საქმეს №101100017, რომელსაც 2011-12 წლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა, დღემდე გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
გამოძიება ამტკიცებდა, რომ დავით ლონდარიძე, სერგო თეთრაძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი, „რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ“ და „საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ“.
ამ ადამიანებს თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი (თუსს) აერთიანდებდათ. ჩაპლიგინი საბჭოთა პერიოდში, თბილისის საარტილერიო სასწავლებელში პედაგოგი იყო, ხოლო თეთრაძე, ლონდარიძე და გორელაშვილი საარტილერიო სასწავლებელში სხვადასხვა წლებში სწავლობდნენ.
1986-1990 წლებში, თბილისის უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელში სწავლობდა, შემდგომში, ბელარუსიის მოქალაქე, თადარიგის მაიორი, ბრესტელი ედუარდ ტომაშუკი. იგი ვიცე-პოლკოვნიკ ლონდარიძის თანაკურსელი იყო.
გამოძიება სწორედ, ტომაშუკისა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ოფიცრის ლონდარიძის კავშირის შესწავლით დაიწყო. მათ ჰქონდათ როგორც სატელეფონო კავშირი, ისე დარეგისტრირებულნი იყვნენ, თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა რუსული ვებ-საიტის ფორუმზე და თუსს-ის გვერდებზე სოციალური ქსელებში.
ჩვენების მიხედვით, იმავე ფორუმის წევრები იყვნენ გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინიც, თუმცა, გორელაშვილი ამბობს, რომ დაკავებამდე თეთრაძეს, ლონდარიძეს და ჩაპლიგინს არ იცნობდა.
ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ამბობს: „როგორც ვიცი, სამხედრო პოლიციას ფარულ მოსმენაზე ჰყავდა, თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი, დავით ლონდარიძე. მისმა კურსელმა, ბელარუსიის მოქალაქე ტომაშუკმა სთხოვა ლონდარიძეს, რომ ცოლთან ერთად თბილისში ჩამოსვლას აპირებდა და დახვედროდა. ლონდარიძემ უარი უთხრა, რადგან თავდაცვის სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს არ შეეძლო უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონტაქტი, უწყების ინფორმირების გარეშე. ამის გამო, ტომაშუკს თბილისში შეხვდა და უმასპინძლა გია გორელაშვილმა, რომელიც სამხედრო პირი არ იყო. იგი ტომაშუკს ფორუმიდან იცნობდა.
ეს ხალხი აწამეს ჯერ სამხედრო პოლიციაში, შემდეგ ციხეში, ლონდარიძემ, გორელაშვილმა და ჩაპლიგინმა „დანაშაული“ „აღიარეს“, თეთრაძემ არ აღიარა და შემოაკვდათ. ლონდარიძეს ასევე აიძულებდნენ, ხელი სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდლისთვის, დაედო, რაც მან არ გააკეთა.მაგდა კოტრიკაძე, ადვოკატი
ასე შეიკრა ეს „საქმე“, პირველი დააკავეს ლონდარიძე, რომელსაც ცემით და წამების აიძულეს, რომ „რუსეთის ჯაშუშობა“ ეღიარებინა. ლონდარიძეს ტელეფონში უპოვეს თეთრაძის ნომერი, ხელი დაადებინეს, თითქოს ისიც ჯაშუში იყო და თეთრაძე დააპატიმრეს. იმავე სქემით აიყვანეს სერგეი ჩაპლიგინი. ბოლოს დააკავეს გორელაშვილი. ამოიღეს „ფლეშკები“, რუქები, გლობუსიც კი, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრის, გეოგრაფიის მასწავლებლის საკუთრება იყო.
ეს ხალხი აწამეს ჯერ სამხედრო პოლიციაში, შემდეგ გლდანის ციხეში, ლონდარიძემ, გორელაშვილმა და ჩაპლიგინმა „დანაშაული“ „აღიარეს“, თეთრაძემ არ აღიარა და შემოაკვდათ. ლონდარიძეს ასევე აიძულებდნენ, ხელი სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდლისთვის, ბრიგადის გენერალ დავით ნაირაშვილისთვის დაედო, რაც მან არ გააკეთა. ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
მცირე ხნით დააკავეს ბელარუსიის მოქალაქე ტომაშუკიც, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს. კითხვა მაქვს, თუ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ტომაშუკიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა და ამ ე.წ რგოლის წევრი იყო, რატომ გაუშვეს? ეს არის აბსურდული, სამარცხვინო საქმე და ქვეყნის ღირსების ამბავია, ამ საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომა“ - ამბობს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.
როგორც დაცვის მხარე ამბობს, სისხლის სამართლის შეკერვის მიზნით, დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი ლონდარიძე სპეციალურად გამოიყვანეს გლდანის ციხიდან, 2011 წლის 20 სექტემბერს, მიიყვანეს თავდაცვის სამინისტროსთან მდებარე რესტორან „ლორდში“ და ტომაშუკს შეახვედრეს.
ლონდარიძეს აიძულებდნენ USB ფლეშ მეხსიერების ბარათი ბელარუსის მოქალაქისთვის გადაეცა და „თანამშრომლობაზე“ დაეთანხმებინა. როცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, ტომაშუკი და მისი მეუღლე მცირე ხნით დააკავეს, შემდეგ კი სამხედრო პოლიციის მანქანებით თბილისის აეროპორტში წაიყვანეს და დეპორტაციით მუქარით, საქართველოს ტერიტორიის დატოვება აიძულეს.
ბაჩო ახალაია ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება და ახალი ბრალდების წარდგენას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მისი წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა 26 ივლისს იწურებოდა.
ახალაია თეთრაძის, ლონდარიძის, ჩაპლიგინისა და გორელაშვილის წამების ორგანიზებაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და ასევე გამორიცხავს, რომ თეთრაძე წამების შედეგად დაიღუპა. ახალაია ამბობს, რომ პროკურატურაც და სასამართლოც მისი ციხეში დატოვებით "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.
“ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულას, ჩემი, ნებისმიერი ჩვენთაგანის გარეთ გაშვება, არის ამ ხელისუფლებისთვის საშიშროება. აქედან გამომდინარე სწორია, უნდა დამაპატიმრონ. ამის საპირწონედ ვიცი ვინც გაანთავისუფლეს ციხეებიდან, ქურდები, კრიმინალები და რუსეთის აგენტები!ბაჩო ახალაია, ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი
“ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ჩემი, ნებისმიერი ჩვენთაგანის გარეთ გაშვება, არის ამ ხელისუფლებისთვის საშიშროება. აქედან გამომდინარე სწორია, უნდა დამაპატიმრონ. ამის საპირწონედ ვიცი ვინც გაანთავისუფლეს ციხეებიდან, ქურდები, კრიმინალები და რუსეთის აგენტები!“ - აღნიშნა სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამორიცხავს, რომ „ჯაშუშების საქმე“ შეკერილი იყო და აღიარებითი ჩვენებები წამებით იქნა მიღებული.
ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ თეთრაძე რუსეთის „სტაჟიანი აგენტი“ იყო და გვარი ჰქონდა გადაკეთებული, ასევე „ჯაშუშები იყვნენ“, რუსეთზე მუშაობდნენ და საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობდნენ, სხვა დაკავებულები.
სერგო თეთრაძის წამებისა და სიკვდილის, ასევე ჯაშუშების საქმეზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ექვსი პირია მსჯავრდებული:
2013 წლის თებერვალში, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პატიმრებს ალექსი ტერაშვილსა და თამაზ სისაურს, რომლებმაც გლდანის ციხეში, ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნით, თეთრაძეზე სექსუალურად იძალადეს, 18-18 წელი მიესაჯათ;
2014 წლის იანვარში კი 9-9 წლით მიესაჯათ გლდანის საპატიმროს ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელად „ქილერა“), რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია და ინტერპოლის ხაზით იძებნება. ასევე გლდანის ციხის თანამშრომლებს, ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას.
მიმალვაში მყოფი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, თეთრაძის წამების საქმეზე მოულოდნელად გამართლდა, თუმცა, პროკურატურა ამ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
თეთრაძის ოჯახი ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დასჯის გარდა, ასევე ითხოვს, ამ სკანდალურ საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისგებაში მიცემას.
მათ შორის, საქმის მოსამართლის გიორგი გოგინაშვილის (იგი ისევ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა); პროკურორების: რობერტ გრიგალაშვილის, გიორგი ქევხიშვილის და გიორგი ხვედელიძის (ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქევხიშვილი თბილისის პროკურორის მოადგილე, გრიგალაშვილი კი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე გახდა).
ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ლევან ზაქრაძის (იგი ბოლოს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა და არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებასთან ითანამშრომლა), დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილი უფროსის ლევან გაბუნიას (ამჟამად სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია); უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის ზაზა მჭედლიძის (ამჟამად თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების სამმართველოს უფროსია);
გამომძიებლების გიორგი ხევსურიანის (თავდაცვის სამინისტროში ატაშეებს კურირებს), ზურაბ გოგიჩაიშვილის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის, სამხედრო პოლიციის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი დგებუაძის (იგივე „მასტერას“, ამჟამად მიმალვაშია), თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მამუკა იოსავას, ირაკლი გრძელიშვილის, ლაშა კვანტალიანის და სხვა პირების პასუხისმგებლობის დაყენებას.
ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თეთრაძის საქმის გამოძიება რამდენჯერმე მიზანმიმართულად „გაიჭედა“, რადგან ზოგიერთმა თანამდებობის პირმა, თეთრაძის საქმის პროკურორების და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების უკანონო ლობირება დაიწყო. ერთ-ერთ ასეთ ლობისტად, კოტრიკაძემ, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი დაასახელა, რომელმაც თანამდებობა 2013 წლის ნოემბერში დატოვა.