ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფოტოგრაფების საქმე: „მე ვარ ჟურნალისტი, მაშასადამე მე ვარ ჯაშუში“


ჟურნალისტების პროტესტი თბილისში, ფოტოგრაფების დაკავების გამო
ჟურნალისტების პროტესტი თბილისში, ფოტოგრაფების დაკავების გამო

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორ აბდალაძის ჩვენებაში მინიმუმ ორი სერიოზული შეცდომაა

ოთხი ფოტორეპორტიორების სკანდალურ საქმეზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება "ჯაშუშობაში" ადანაშაულებს, კიდევ ერთმა "აღიარებითმა ჩვენებამ" საზოგადოებაში იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე აქამდე იყო.

„2002 წელს ერთ-ერთი მივლინება იყო ერგნეთის ტერიტორიაზე. დაგვაკავეს ოსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა და გვცემეს. მიმიყვანეს რუს ოფიცრებთან. მაგათმა მითხრეს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ბრალდება, რომელიც 9 წლიან მუხლს ითვალისწინებსო. თუ უარს ვიტყოდი თანამშრომლობაზე, ლიკვიდირებული იქნებოდა ჩემი ოჯახი და მეც. თუ დავთანხმდებოდი თანამშრომლობას, გარკვეულ ანაზღაურებასაც მივიღებდი.“
გიორგი აბდალაძის "აღიარებითი" ჩვენებიდან

ამჯერად, "რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა" გაზეთ „ალიას“ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ აღიარა, რომელიც შეთავსებით საგარეო საქმეთა სამინისტროს შტატგარეშე თანამშრომელი იყო.

6 ივლისიდან აბდალაძე შიმშილობდა და ბრალს არ აღიარებდა. ათ დღიანი პატიმრობის შემდეგ კი მოულოდნელად შიმშილობა შეწყვიტა და საჯაროდ აღიარა, რომ "რუსეთის საგარეო დაზვერვამ 2002 წელს ცხინვალში სამსახურებრივი მივლინების დროს გადაიბირა და მეცხრე წელია მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობს".

გიორგი აბდალაძე: „2002 წელს მე ვმუშაობდი გაზეთ "კვირის პალიტრაში" ფოტოგრაფად. ერთ-ერთი მივლინება იყო ერგნეთის ტერიტორიაზე. დაგვაკავეს ოსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა და გვცემეს.

აბდალაძის ადვოკატი, ეკა ბესელია: რომელი წელია ეს?

გიორგი აბდალაძე: 2002 წელია. შემდეგ მიმიყვანეს რუს ოფიცრებთან. მაგათმა მითხრეს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ბრალდება, რომელიც 9 წლიან მუხლს ითვალისწინებსო.

დამიდეს მაგიდაზე ჩემი ძმების ფოტოები, დედაჩემის ფოტოები და მითხრეს, რომ თუ უარს ვიტყოდი თანამშრომლობაზე, ლიკვიდირებული იქნებოდა ჩემი ოჯახი და მეც. ვინაიდან მაგათ ტერიტორიაზე ვიყავი. თუ დავთანხმდებოდი თანამშრომლობას, გარკვეულ ანაზღაურებასაც მივიღებდი.“

"აღიარებით ჩვენებაში", რომლის მცირე ნაწილიც გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა, გიორგი აბდალაძე ასევე ამბობს, რომ "დავალებებს" ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს ფოტოკორესპოდენტ ზურაბ ქურციკიძისგან "იღებდა", რომელიც "ასევე რუსეთის ჯაშუში" იყო.

პროკურატურამ უკვე დაადასტურა, რომ ბრალი უკვე ზურაბ ქურციკიძემაც აღიარა, თუმცა მისი "აღიარებით ჩვენება" არ გაუვრცელებია.

აბდალაძის მტკიცებით, ის ქურციკიძის მითითებით, ჯერ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ფოტოებს იღებდა, შემდეგ კი საგარეო უწყებიდან "საიდუმლო დოკუმენტებს" "იპარავდა".

გიორგი აბდალაძის ჩვენებაში მინიმუმ ორი სერიოზული შეცდომაა. იგი ცხინვალში მართლაც იყო დაკავებული, როგორც გაზეთ „კვირის პალიტრის“ ფოტოგრაფი, ოღონდ არა 2002, არამედ 2000 წელს. არადა, ჩვენების მიცემის დროს აბდალაძემ ორჯერ გაიმეორა, რომ 2002 წელს დააპატიმრეს.

იგი ასევე ამტკიცებს, რომ ერთი წლის შემდეგ, თბილისში, პეროვის ქუჩაზე, იგორ გიორგაძის პარტიის ოფისში დაიბარეს, ეს ოფისი კი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მხოლოდ 2005 წელს გაიხსნა.

ყოფილი ჟურნალისტი მამუკა არეშიძე, რომელიც 2000 წელს პირადად იყო ჩართული აბდალაძის გათავისუფლების პროცესში, ამბობს, რომ ეს შეცდომები სერიოზულ ეჭვებს ბადებს, ისევე როგორც "აღიარების" ის ნაწილი, სადაც აბდალაძე ირწმუნება რომ ომის დროს, რუსების მოთხოვნით ქართული არმიის უკან დახევას იღებდა.

„ის ეპიზოდი როცა ის დაიხსნეს ცხინვალის იზოლატორიდან, ეს ის ეპიზოდი არ არის, რომელსაც ჰყვება. დანარჩემს ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
მამუკა არეშიძე

„ის ეპიზოდი როცა ის დაიხსნეს ცხინვალის იზოლატორიდან, ეს ის ეპიზოდი არ არის, რომელსაც ჰყვება. დანარჩემს ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი, როცა ამ ტიპის ინფორმაციას ამბობს, დანარჩენი რატომ უნდა დავიჯერო?!

როცა ერთი ზუსტად ვიცი რომ ნამდვილად არ იყო ასე?! მეორე - ქართული ჯარის უკან დახევის ვიდეოს და ფოტოებს იღებდა ყველა ჟურნალისტი ვისაც არ ეზარებოდა. ქართველი თუ უცხოელი. მათ შორის ნაციონალური არხების ჟურნალისტებიც. ეს ბრალდება, ეს თვითბრალდება არის გათვლილი უბრალოდ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზე.“

გიორგი აბდალაძის "აღიარებით" ჩვენებას პროკურატურამ სამი ადვოკატი, მათ შორის ეკა ბესელიაც დაასწრო, რომელიც ფოტორეპორტიორის ინტერესებს იცავს.

ბესელია ამბობს, რომ პროკურატურამ სამ საათიანი "აღიარებითი ჩვენება" ისე დაამონტაჟა, როგორც თავად აწყობდა და შეგნებულად არ გაავრცელა ის კადრები, სადაც ადვოკატები, პროკურატურის თანამშრომლები და ეჭვმიტანილი კამათობდნენ.

მე ვწერ რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არის ეს ჩვენება მიღებული
ეკა ბესელია

„დაკითხვის ოქმი არის დოკუმენტი, მტკიცებულება, რომელიც საქმეში რჩება. არა ის ვიდეო მასალა, რომელიც პროკურატურამ დამონტაჟებული სახით აჩვენა, არამედ დაკითხვის ოქმი.

პრაქტიკულად უკვე ეს ოქმიც კარგავს სამართლებრივ ღირებულებას, იმიტომ, რომ იმ შენიშვნით, სადაც მე ვწერ რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არის, ეს ჩვენება მიღებული და ამას ადასტურებს კიდევ სამი ადვოკატი, რომელიც ესწრებოდა ამ დაკითხვას, ბუნებრივია, ასეთი ოქმი უკვე აღარ არის უტყუარი მტკიცებულება.“

​6 ივლისს, დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან, პირველმა ჯაშუშობა პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ "აღიარა". ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი მეუღლე ასევე "ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი" ნათია გედენიძე გირაოთი გაათავისუფლეს.

ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე
ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე

ათ დღიანი პატიმრობის შემდეგ კი ჯაშუშობა ზურაბ ქურციკიძემ და გიორგი აბდალაძემაც "აღიარეს". საქმეს კვლავ გრიფით საიდუმლო ადევს.

საზოგადოების და მედიის დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია და მძაფრი ადგილობრივი და საერთაშორისო პროტესტის ფონზე, პროკურატურამ შეიძლება ფოტორეპორტიორთა ნაწილი აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლოს.

ეს გარიგება კი საზოგადოებას მოუსპობს საშუალებას ამ სკანდალური დაპატიმრების რეალური მიზეზები გაიგოს. მანამდე კი საქართველოში დაიწყო ჟურნალისტთა მაშტაბური საპროტესტო აქცია - „მე ვარ ჟურნალისტი, მაშასადამე მე ვარ ჯაშუში.“

XS
SM
MD
LG