ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ვერ დაადგინეს რომელი ქვეყნის ჯაშუში ვიყავი“


სიმონ კილაძე
სიმონ კილაძე

პირველი ჯაშუშური სკანდალის მთავარი გმირი სიმონ კილაძე ამბობს, რომ შსს-ს აღიარებითი ჩვენება, ზეწოლის შედეგად მისცა

ჯაშუშობისთვის და სამშობლოს ღალატისთვის 2006 წელს გასამართლებულმა სიმონ კილაძემ, რომელიც მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მას-მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ მრჩეველ-კონსულტანტად მუშაობდა, გასამართლებიდან ხუთი წლის თავზე "ამერიკის ხმასთან" განაცხადა, რომ შსს-მ შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრა, ხოლო გამოძიებამ საერთოდ ვერ დაადგინა, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

მედავებოდნენ, რომ თითქოს ისეთი მასალები მქონდა, რომელიც უმაღლეს სახელმწიფო პირებს შეეხებოდა. საერთოდ ადამიანს უნდა ჰქონდეს დაშვება იმ მასალებთან, რომელიც გასაიდუმლოებულია. მე ვიყავი ჩვეულებრივი თანამდებობის პირი, რომელსაც არავითარი დაშვება საიდუმლო მასალებთან არ ჰქონდა. ჩემთვის დაპატიმრება რასაკვირველია იყო შოკი, როგორც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.“
სიმონ კილაძე, "ჯაშუშობის ბრალდებით" გასამართლებული ჩინოვნიკი

დაბალი რანგის ჩინოვნიკი სახელმწიფო კანცელარიის შენობაში 2006 წლის 28 მარტს სამუშაო კაბინეტში დააპატიმრეს და ბრალად ჯაშუშობა წაუყენეს. ტელევიზიებმა მაშინ კილაძის "აღიარებით ჩვენებაც" გაავრცელეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მერაბიშვილმა კი განაცხადა, რომ "კილაძე ერთ-ერთ ქვეყნის საელჩოს პრეზიდენტ სააკაშვილზე საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა".

"ჯაშუშობაში ბრალდებული" ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხუთ წლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, პირობითი სასჯელის ვადა სიმონ კილაძეს ორ თვეში გასდის.

„მე მედავებოდნენ, რომ თითქოს მქონდა რაღაც მასალები და გადავეცი ეს მასალები ვიღაც-ვიღაცეებს, თუმცა ეს გამოძიების მასალებში გაშიფრული არ არის, გამოძიებამ ეს ვერ დაადგინა.

მედავებოდნენ, რომ თითქოს ისეთი მასალები მქონდა, რომელიც უმაღლეს სახელმწიფო პირებს შეეხებოდა. საერთოდ ადამიანს უნდა ჰქონდეს დაშვება იმ მასალებთან, რომელიც გასაიდუმლოებულია.

მე ვიყავი ჩვეულებრივი თანამდებობის პირი, რომელსაც არავითარი დაშვება საიდუმლო მასალებთან არ ჰქონდა. ძირითადად ეს იყო ინტერნეტის მასალები, პრესის, ტელევიზიის ანუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მასალები. ეს ცნობილი ამბავი იყო და თვითონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც დაადასტურა, რომ მათ ვაწოდებდი პრესის ანალიტიკურ მიმოხილვას.

რა თქმა უნდა მასში ის უარყოფითიც შედიოდა, რაც იბეჭდებოდა ხელისუფლებაზე პრესაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი ესეც ყოფილიყო.

არასდროს არ დამავიწყდება, ალბათ, 2006 წლის 28 მარტი, 10-ს ეკლდა 20 წუთი. მე დამიძახეს სპეციალური ტელეფონით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღანელთან და იქ საუბარი იყო, რომ მე ჩემს მოვალეობას ძალიან კარგად ვასრულებ და ერთ-ერთი დავალება მომცა, სასწრაფოდ გასაკეთებელია და დიდი ყურადღებით მოეპყარი ამ დავალების შესრულებასო.

ვის არ ესიამოვნება - ხელმძღვანელმა შეაქო თავისი თანამშრომელი. ჩამოვედი, დავჯექი ჩემს კომპიუტერთან და არ გასულა ხუთი წუთი შემოცვივდნენ. შემოყვნენ კორესპოდენტები, ტელევიზიის ჟურნალისტები და გამომიცხადეს, რომ მე დაპატიმრებული ვარ! ჩემთვის ეს რასაკვირველია იყო შოკი, როგორც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.“

სიმონ კილაძის საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ „აღმოჩენილი იქნა უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მიზნით კილაძის მიერ შეგროვებული და შემდგომ ელექტრონული ფოსტით გადაცემული ცნობები საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების შესახებ;

„აღმოჩენილი იქნა უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მიზნით, კილაძის მიერ შეგროვებული და შემდგომ ელექტრონული ფოსტით გადაცემული ცნობები, საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების შესახებ;
ციტატა საბრალდებო დასკვნიდან

საქართველოს და საქართველოში სტუმრად მყოფი საზღვარგარეთის უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანწილად განაპირობოს სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკების შედეგები, კონკრეტული მოლაპარაკებების ტაქტიკა;

ასევე ინფორმაცია დამცავი ობიექტების შესახებ, რომელიც შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობებს“.

სიმონ კილაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ფოტოგრაფების ცნობილი საქმე, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე რეზონანსული თემაა, მის საქმეს ძალიან ჰგავს.

6 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ევროპის პრეს ფოტოსააგენტოს კორსპონდენტი ზურაბ ქურციკიძე, გაზეთ „ალიას“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოკორესპოდენტი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ფოტოკორესპოდენტი ნათია გედენიძე და „ასოშეიტედ პრესის“ ფოტოკორესპოდენტი შახ აივაზოვი.

ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე
ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე

არაოფიციალურად ცნობილია, რომ შახ აივაზოვი ამერიკული მხარის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს. ნათია გედენიძე კი გირაოთი გათავისუფლდა, მას შემდეგ რაც მისმა მეუღლემ ირაკლი გედენიძემ "ჯაშუშობა აღიარა". ქურციკიძე და აბდალაძე ბრალს არ აღიარებენ და საქმეს შეთითხნილი უწოდეს. აბდალაძე დაპატიმრების დღიდან მშრალად შიმშილობს. სიმონ კილაძე ამბობს:

პარალელს თუ გავავლებთ, შეიძლება ითქვას, რომ დღესაც იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე. რატომ? რისთვის? რა გააკეთა ამ ხალხმა ისეთი, რომ მათ ბრალდებად წაუყენეს ჯაშუშობა და სახელმწიფოს ღაღატი?! აქაც, მართლა "გადაფარვასთან" გვაქვს საქმე

„ჩემი დაპატიმრება დაემთხვა გირგვლიანის მკვლელობის ამბავს, როცა მატულობდა მღელვარება და დაიწყო საპროტესტო აქციები. ჩემს დაპატიმრებამდე კი დღენახევრით ადრე, ციხის ბუნტი მოხდა, სადაც ხალხი დაიღუპა. ხდება მოვლენის "გადაფარვა".

პარალელს თუ გავავლებთ, შეიძლება ითქვას, რომ დღესაც იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე. რატომ? რისთვის? რა გააკეთა ამ ხალხმა ისეთი, რომ მათ ბრალდებად წაუყენეს ჯაშუშობა და სახელმწიფოს ღაღატი?!

აქაც, მართლა "გადაფარვასთან" გვაქვს საქმე. ნიშანდობლივია, რომ ბატონი გედენიძეც პრეზიდენტის პრეს-სამსახურში მუშაობდა, იქ სადაც მე ვმუშაობდი.“

სიმონ კილაძის საქმე პირველი "ჯაშუშური საქმე" იყო, საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 2006 წლის მარტის, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მრავალი ასეთი საქმე "გახსნა".

კილაძე გასაგები მიზეზების გამო არ საუბრობს, თუ რა ხერხებით მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისგან აღიარებითი ჩვენება. არაოფიციალურად ცნობილია, რომ მას შვილზე ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

სიმონ კილაძე დღეს ზუსტად იგივე სამუშაოს ეწევა, რასაც დაპატიმრებამდე. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის აკეთებს პრესის დაიჯესტს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სიმონ კილაძის სკანდალურ აღიარებაზე კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG