ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, ფოლადის და ალუმინის სრულ იმპორტზე ტარიფები დააწესოს, „მტკიცე და პროპორციულ საპასუხო ზომებს“ მიმართავს. ეს ვითარება სავაჭრო ომის შიშს აძლიერებს.
ტრამპმა ორშაბათ ღამით ხელი მოაწერა განცხადებას, ალუმინზე არსებული 10 პროცენტიანი ტარიფის 25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ. ამასთან ერთად უქმდება ქვეყნებისთვის არსებული გამონაკლისები და კვოტები და ორივე ლითონისთვის ასობით ათას კონკრეტულ პროდუქტზე არსებული სატარიფო გამონაკლისები.
თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ეს ზომები ძალაში 4 მარტს შევა. ტარიფები შეეხება მილიონობით ტონა ფოლადის და ალუმინის იმპორტს კანადიდან, ბრაზილიიდან, მექსიკიდან, სამხრეთ კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელიც შეერთებულ შტატებში გამონაკლისის სახით, ბაჟის გარეშე შემოდიოდა.
ეს ნაბიჯი გაამარტივებს ტარიფებს ლითონებზე „რათა ყველამ შეძლოს გაგება, თუ ის ზუსტად რას ნიშნავს“, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს. „ის 25 პროცენტია გამონაკლისების და დაშვებების გარეშე. ეს ყველა ქვეყანას ეხება, იმის მიუხედავად თუ საიდან მოდის, ყველა ქვეყანას.“
ტრამპმა თქვა, რომ მომავალ ორ დღეში შემდგომ განცხადებებს გააკეთებს ექვივალენტურ ტარიფებზე ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც ამერიკულ საქონელზე ბაჟს აწესებს და ასევე თქვა, რომ ტარიფებს ავტომანქანებზე, ნახევარგამტარებზე და ფარმაცევტულ ნაწარმზეც დააწესებს.
კითხვაზე, სხვა ქვეყნების მხრიდან ახალ ტარიფებზე საპასუხო ზომების შესახებ, ტრამპმა თქვა: „ეს არ მაღელვებს“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო ღრმად წუხს და დაამატა, რომ ტარიფები გადასახადებია, რაც ცუდია ბიზნესისთვის და კიდევ უარესი მომხმარებლისთვის. გასულ ათწლეულში, ევროკავშირის ფოლადის შეერთებულ შტატებში ექსპორტის მოცულობა, წლიურად საშუალოდ 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. „ევროკავშირისთვის დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება, ევროკავშირი საკუთარი ინტერესების დასაცავად იმოქმედებს“, თქვა მან თავის განცხადებაში.
კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ტარიფებს „მიუღებელი“ უწოდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კანადა აშშ-ის ტარიფების უარყოფით გავლენას გამოიკვლევს და საჭიროების შემთხვევაში მისი პასუხი მტკიცე და ნათელი იქნება.
ტრამპი ასევე შემოიღებს ახალ ჩრდილო-ამერიკულ სტანდარტს, რომელიც მოითხოვს რომ იმპორტირებული ფოლადი და ალუმინი ჩრდილოეთ ამერიკაში იყოს გამოდნობილი და ჩამოსხმული, რათა შეიზღუდოს მინიმალურად დამუშავებული რუსული და ჩინური ლითონის შეერთებულ შტატებში იმპორტი.