დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლში ერთი ვადის გამოტოვებით დაბრუნდა. მსგავსი რამ ამერიკის ისტორიაში თითქმის საუკუნენახევარია არ მომხდარა.
ვაშინგტონში ინაუგურაციის 60-ე საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც ინტერნეტითა და ტელეეთერით მილიონობით ამერიკელი და უცხოელი მაყურებელი ადვენებდა თვალს. შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლების გადაცემა 20 იანვარს, ზუსტად შუადღის 12 საათზე მოხდა.
78 წლის ტრამპი თეთრ სახლს შემდეგი 4 წლით იკავებს, ის ახლა შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტია. ცოტა ხნით ადრე კი პოსტი ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა, 82 წლის ჯო ბაიდენმა დატოვა, რომელმაც პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით იმსახურა.
რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა "საღი აზრის რევოლუციის" აუცილებლობაზე და მსმენელებს დაჰპირდა, რომ ამერიკის პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლას პირველივე დღეს დაიწყებს, როცა ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებათა მთელ წყებას.
"ამერიკისთვის ოქროს ხანა ახლა იწყება", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა საზეიმო ინაუგურაციის ცერემონიაზე.
ცივი ამინდის გამო, შედარებით ნაკლები მასშტაბის ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის გარე კიბეების ნაცვლად, შენობაში გაიმართა. მას დაახლოებით 600 ადამიანი დაესწრო, მაშინ როცა წარსულში საპრეზიდენტო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაახლოებით 250 000-მდე სტუმარი ჰყავდა. საზეიმო ფიცი 20 იანვარს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც დადო.
გაუქმდა ტრადიციული აღლუმი პენსილვანიის ავენიუზე, კონგრესიდან თეთრი სახლის მიმართულებით. წარსულში, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების ახალი ლიდერები საპრეზიდენტო ფიცს დებდნენ და ამერიკელებს სიტყვით მიმართავდნენ, თეთრი სახლისკენ პრეზიდენტის გუნდის საზეიმო მსვლელობა ეწყობოდა. არ გაუქმებულა საღამოსთვის დაგეგმილი საზეიმო წვეულებები და მეჯლისები, სადაც სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ამერიკის ახალ პრეზიდენტს და პირველ ლედის უმასპინძლებენ.
პრეზიდენტობის პირველივე დღეს, მას შემდეგ რაც ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ ოფისს დაიკავებს, ის გეგმავს ბევრი აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას. მათ შორის, მოელიან მასობრივი დეპორტაციის საპრეზიდენტო განკარგულებას, მსჯავრდებულთა შეწყალებებსა და სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს.
Facebook Forum