საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვეული არ არის, აცხადებს, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები. „კონკრეტული პოლიტიკოსები“ კი ცერემონიაზე მიდიან, რათა „220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 17 იანვარს აზერბაიჯანში, ბაქოში - ბოლო ათ თვეში მესამე ვიზიტისას, - ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა:
„ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები, მას ესწრებიან ამომრჩევლები, კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან... თუმცა ასეთ ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მიწვევა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან“.
კობახიძის თქმით, „კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ეს არის მათი არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„გამომდინარე იქიდან, რომ თავისი პროტოკოლი აქვს პრეზიდენტის ინაუგურაციას და აქ არ არის მიღებული უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ 17 იანვარს.
ინაუგურაციას ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში ვიზიტისას დაგეგმილია „მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები“. ვისთან, პრესსამსახური არ აკონკრეტებს.
„რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ის შორის“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა: „ამისათვის ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მთავარია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები“.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დღეს დებს ფიცს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომელთანაც აშშ-მა 2009 წლიდან არსებული სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წელს შეაჩერა, - 2025 წლის 20 იანვარზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, იმედებს ამყარებდა და აცხადებდა, რომ ამის შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა.
მოგვიანებით „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც, ანალიტიკოსების თანახმად, ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების რისკები დააზღვიეს.
13 იანვარს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დონალდ ტრამპს "[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ" მოუყვა.
Facebook Forum