ირანის განცხადებით, ის სტამბოლში მოლაპარაკების ახალ რაუნდზე ახალი ინიციატივით წარდგებa. მოლაპარაკებები შაბათ-კვირას გაიმართება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი არკვევდა.
ირანში ურანის გამამდიდრებელი ლაბორატორია თეირანიდან 160 კილომეტრის დაშორებით მთის ძირში მდებარეობს. როგორც ჟურნალისტური წყაროები დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყებიან, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ირანისგან ამ ლაბორატორიის დაუყოვნებლივ დახურვას მოითხოვენ. დევიდ კლიფი არასამთავრობო ორგანიზაცია „ვერტიკში“ და ბირთვული მასალების გავრცელების ექსპერტია.
„ეს ლაბორატორია 2009 წელს ირანელებმა დასავლეთისგან საიდუმლოდ ააშენეს. ამჟამად, კი იქ უკვე ღიად მიმდინარეობს ურანის გამდიდრების პროცესი,“ - ამბობს დევიდ კლიფი.
სტამბოლში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს უშიშროების ხუთი მუდმივი წევრი პლუს გერმანია და ირანი.
როგორც ცნობილია, თეირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას ბირთვული იარაღის განზრახვასთან დაკავშირებით და აცხადებს რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისაა. ამის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრეს და ირანული ნავთობის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თეირანი სავარაუდოდ რუსეთის და ჩინეთის ლიმიტირებულ მხარადაჭერაზე გააკეთებს აქცენტს. პეკინმა უკვე მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს „პრაგმატული და მანევრირებული მიდგომისკენ.“
როგორც დევიდ კლიფი ამბობს, საკითხის მიმართ თავად ირანის ხელისუფლებაშიც არ არის საერთო აზრი. მისი თქმით, თეირანს ჯერ ვერ გადაუწყვეტია დაიწყოს ბომბის შექმნა თუ გააგრძელოს ვირტუალური ბირთვული საფრთხის პროცესი. თუკი, ირანი ბირთვული იარაღის შექმნას გადაწყვეტს, შეერთებული შტატები და ისრაელი აცხადებენ, რომ მათ არჩევანი აღარ რჩებათ. ეს კი ირანზე სამხედრო დარტყმას ნიშნავს. ანალიტიკოსი ანდრეა ბერგერი ამბობს, რომ დიპლომატიის წარმატების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
„ამ მოლაპარაკებიდან ჩანს, რომ მაგიდასთან მჯდომი არცერთი ქვეყანა არ ფიქრობს, ირანთა ურთიერთობების შესაძლებლობის დასრულებაზე. ეს მოლაპარაკებები მიუთითებს, რომ მათ საკითხის მშვიდობიანად გადაჭრის იმედი აქვთ,“ - ამბობს ბერგერი.
სტამბოლის მოლაპარაკებას კი წინ უსწრებს ის დაძაბული ფონი, რომელიც დასავლეთსა და ირანს შორის თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ შექმნა.