მუსლიმანურ სამყაროში ოსამა ბინ ლადენის სიკვდილს შესამჩნევი გამოხმაურება არ მოჰყვა. მართალია შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნულების რაზმის წევრების მიერ ალ ყაიდას ლიდერის ლიკვიდირებამ ფუნდამენტალისტი ისლამისტების რისხვა გამოიწვია, მუსლიმანური სამყაროს უმრავლესობას სურს, რომ ალ ყაიდა და მასთან დაკავშირებული ძალადობრივი მეთოდები წარსულს ჩაბარდეს.
ინდონეზიურმა ფუნდამენტალისტურმა ჯგუფმა ისლამური დამცველების ფრონტმა ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი ლოცვით აღნიშნა.
თუმცა ამგვარი მიდგომა ინდონეზიაში ფართოდ გავრცელებული როდია. როგორც ცნობილია, ინდონეზია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმანური მოსახლეობის მქონე ქვეყანა გახლავთ. 2002 წელს ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ „ჯემაა ისლამიამ“ ბალის კურორტზე აფეთქება მოაწყო, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მდებარე კელაპას მეჩეთში ხალხმა შეერთებული შტატების მიერ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება შეაქო.
„მთელი მსოფლიო შვებას იგრძნობს რადგან ბინ ლადენი ტერორისტი იყო,“ აღნიშნავს მრევლის წევრი დარმა ვიდჯაია.
მას მეჩეთში მოსული ელენ სიტორუსი ეთანხმება:
„როცა შევიტყვე, რომ ბინ ლადენი მოკლეს, ძალიან გამეხარდა რადგან მსგავსი ტერორისტების რიცხვი, რომლებიც ინდონეზიას მოსვენებას არ აძლევენ, თანდათან კლებულობს.“
ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ოსამა ბინ ლადენის სიკვდილმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
„ძალიან არ გამეხარდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც კარგი მოხდა. იმედი მაქვს, რომ შედეგად ეს სიკეთეს მოუტანს სულ ყველას,“ - აღნიშნავს ქაიროს მკვიდრი მაჰა.
ხოლო ქაიროს სხვა მკვიდრს მიაჩნია, რომ ოსამა ბინ ლადენის ზღვაში დაკრძალვამ ისლამური წესები დაარღვია, რაც ამერიკის რეპუტაციას მუსლიმანურ სამყაროში მნიშვნელოვნად შელახავს.
მუსლიმანურ სამყაროში ყველაზე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმ სპონტანურმა ზეიმმა, რომლითაც ამერიკელების ერთმა ნაწილმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტერორისტის სიკვდილი აღნიშნა.
შეიხ ასემ აბდენ მაღედი გასამხედროებული დაჯგუფება „ჯემაა ისლამიას“ წამყვანი წევრი გახლავთ.
„ის სიხარული, რომელიც ამერიკელებმა გამოხატეს იმ ოპერაციის მიმართ, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და სისხლი დაიღვარა, არაბული და ისლამური საზოგადოებრივი აზრისთვის ნამდვილი შოკი გახლდათ,“ - აღნიშნა შეიხმა ასემ აბდენ მაღედმა.
ეგვიპტის მუსლიმთა საძმომ განაცხადა, რომ დროა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ერაყი და ავღანეთი დატოვონ.
თუმცა ზოგადად მუსულმანურ სამყაროში ოსამა ბინ ლადენის სიკვდილმა საზოგადოებრივი მწუხარების რაიმე მნიშვნელოვანი გამოხატულება არ გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე იგი საკუთარ თავს მუსლიმთა ლიდერად წარმოადგენდა.
კარნეგის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტს მიშელ დანს მიაჩნია, რომ არაბულ სამყაროში მომხდარმა სახალხო აჯანყებებმა დაადასტურეს, რომ პოლიტიკური ცვლილების მიღწევა სხვა მეთოდებითაც არის შესაძლებელი.
„ძალადობრივი მეთოდებით ცვლილების მიღწევამ, რასაც ალ ყაიდა და მისი ლიდერები ქადაგებენ, ანუ მოდელმა, რომლის თანახმადაც მთავრობის დამხრობა მხოლოდ რელიგიურად მოტივირებული რევოლუციების შედეგად ან ლიდერების ფიზიკური განადგურების საშუალებით უნდა მოხდეს, ხალხისთვის ყოველგვარი აქტუალობა დაკარგა,“ - დასძინა ამერიკელმა ექსპერტმა.