ბოლო პერიოდში ცხინვალში პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს. ვის მხარესაა მეტი ძალა, კოკოითის, თუ სხვა, პრეზიდენტობის სავადაუდო კანდიდატის მხარეს, კანდიდატის, რომელიც ჯერ ფიზიკურად არ ჩანს, მაგრამ მისი არსებობა მმართველ გუნდს ცხინვალში შეუმჩნეველი არ რჩება.
კოკოითი ამჯობინებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, მისი ადგილი და გავლენა ხელისუფლებაში შეუცვლელი იყოს. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მან საზოგადოებას ცხინვალში დაანახა, რომ სამხედრო ძალა კვლავაც მის გვერდითაა, ახალგაზრდები კი მოითხოვენ მის გაპრეზიდენტებას მესამე ვადით, რაც სხვათა შორის, დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ აღიარებული კონსიტიტუციით დაუშვებელია.
ორი დღის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა კოკოითის მომხრეთა სარჩელი, რომლის ერთ–ერთი მოთხოვნა სწორედ რომ ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება იყო.
დაუკმაყოფილებელი სარჩელის ფონზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკოითის მხარდამჭერებმა სამხედრო წრეებიდან პარლამენტს ცხინვალში ალყა შემოარტყეს და ასე, ძალის დემონსტირირებით შეეცადნენ დამატებითი მხარდამჭერები მოეზიდათ.
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კოკოითი ყველნაირად ცდილობს რუსეთის თვალში შეუცვლელ ლიდერად გამოჩნდეს, რომელსაც ცხინვალში ყველაზე მეტად მხარს უჭერენ და ენდოებიან:
„ რაც შეეხება ამომრჩეველს, შეიძლება ითქვას, რომ კოკოითის მოწინააღმდეგე დღეს ცხინვალში უბრალოდ, აღარავინ დატოვეს “–ამბობს იგი.
ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამიიჩნევს, რომ კოკოითის რუსეთისგან მხარდაჭერა მომავალ არჩევნებზეც ექნება:
„კოკოითი ყველანაირად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ იგი ცხინვალს აკონტროლებს. რუსეთისთვის სხვა, ალტერნატიული კანდიდატის გამოძებნა, რომელიც ცხინვალში ერთის მხრივ რუსულ ინტერესს ერთპიროვნულად დაიცავს, მეორეს მხრივ კი შიდა კონტროლის დამყარებას მოახერხებს, შეუძლებელი არ არის, თუმცა ეს საქმე იოლი ნამდვილად არ იქნება “– ამბობს ექსპერტი.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ცხინვალში საზოგადოების უდიდეს უმეტესობას კოკოითის ხელისუფლებაში ყოფნა არ სურს, თუმცა ღიად ამის თქმას, საფრთხიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ:
„კოკოითიმ თავადაც კარგად უწყის, რომ მის კანდიდატურას მხარს არც მოსკოვში აღარ უჭერენ, ამიტომაც მანევრირებს, ცდილობს ვაჭრობა, რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღებით დაასრულოს“ – ამბობს მამუკა არეშიძე.
დღეს ცინვალში არსებული ვნაბათაღელვა მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო, შიდა წრეებში ტრიალებს. ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში ვითარების ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია. ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი დე–ფაქტო რესპუბლიკაში, ამით არც რუსეთისთვის შეიცვლება რამე და მით უმეტეს არც დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომელსაც ცხინვალი ყველაზე ნაკლებად აინტერესებს.