ლიბიის მოქალაქეთა საკუთარი ხელისუფლებისგან დაცვის მიზნით, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია არასაფრენი ზონის გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილების მიხედვით, წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ მიიღონ „ყველა საჭირო ზომა“, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის საჰაერო დაბომბვა დაუყოვნებლივ შეწყდეს.
„არასაფრენი ზონა“ ნიშნავს საჰაერო სივრცეს ქვეყნის თავზე, რომელშიც განსაზღვრული ტიპის თვითმფრინავების გადაადგილება იკრძალება. განსაკუთრებით ეს ეხება სამხედრო ავიაციას. რეზოლუციის მოთავეები დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არიან და მათ ზურგს შეერთებული შტატები უმაგრებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალან ჟუპეს განცხადებით, კადაფის მხარდამჭერები განაგრძობენ საჰაერო იერიშებს ლიბიის დასახლებებზე და ეს ყოვლად დაუშვებელია:
„ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება ლიბიაში. არსებობს საერთაშორისო კანონმდებლობა და მორალი, რომლის დამარცხებასაც ჩვენ არასოდეს არ დავუშვებთ.“
რუსეთი იყო ერთერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ხმის მიცემის დროს თავი შეიკავა. გაეროში მოსკოვის წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რეზოლუციის მიღების დროს რუსეთს და რამდენიმე სხვა ქვეყანას ჰქონდა გარკვეული შეკითხვები, რომლებიც უპასუხოდ დარჩა. მისი განმარტებით, ეს იყო არასაფრენი ზონის განხორციელების კონკრეტული ეტაპები, სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობის საზღვრები და ასე შემდეგ.
ექსპერტები გაეროს რეზოლუციის ძალაში შესვლამდე მის დეტალებზე კამათობენ. ჯერჯერობით არ ცხადდება არასაფრენი ზონის ზუსტი რადიუსი. არ ვიცით, დაფარავს თუ არა ის მთელ ლიბიას, თუ მხოლოდ ქვეყნის ცხელ წერტილებზე გავრცელდება? რომელი ქვეყნები განახორციელებენ მას და რა დროის რა მონაკვეთში მოხდება ეს?
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის გადამდგარი კაპიტანი ბენ რენდა, რომელიც სამხრეთ ერაყში პირადად ახდენდა არასაფრენი ზონის პატრულირებას, შეშფოთებას გამოთქვამს რეზოლუციის გამო. არასაფრენი ზონის გამოცხადება ითვალისწინებს არა მხოლოდ საჰაერო სივრცის, არამედ ხმელეთის კონტროლსაც - ამბობს ის:
„როცა ათასიდან 35 ათასამდე ფუტის სიმაღლეზე დაფრინავ, ჩვენთვის, პილოტებისთვის ურთულესი ამოცანა მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო ძალების ერთმანეთისგან გარჩევაა. კიდევ უფრო ძნელია აჯანყებული ქვედანაყოფების და მთავრობის არმიის განსხვავება. ლიბიაში საქმეს ისიც ართულებს, რომ მოკავშირეებს იქ სახმელეთო ძალები არ ჰყავთ და მხოლოდ საჰაერო ავიაციით უნდა შემოიფარგლონ.“
რა თქმა უნდა, პარტნიორ ქვეყნებს სერიოზული ფინანსური ხარჯიც ექნებათ. კაპიტან რენდას თქმით, გაეროში ახლა სავარაუდოდ რესურსებზე საუბრობენ და არასაფრენი ზონის ძალაში შესვლის დეტალებს განიხილავენ.