შეერთებული შტატების და ნატოს ჯარები 2014 წლის მიწურულს დატოვებენ ავღანეთს. დასავლეთის ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ეკონომიკური სტაბილურობით. თუმცა ვაშინგტონში მოღვაწე ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ავღანეთი პოლიტიკური რეფორმების გატარებას საჭიროებს.
თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ მეზობელი სახელმწიფოების მხარდაჭერის გარეშე ავღანეთს გაუჭირდება ტერორისტებთან ბრძოლა და მშვიდობის დამყარება ქვეყანაში.
სტამბოლის კონფერენციას თურქეთის და ავღანეთის ლიდერბთან ერთად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის და დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეერთებული შტატები თავის პარტნიორებთან ერთად ახალი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას ცდილობს, რომელიც ავღანეთის დახმარებას და რეგიონის ეკონომიკურ სტრუქტურაში მის ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
ამ გეგმის მიხედვით, შუა აზიის სატრანსპორტო მაგისტრალები პაკისტანს, ავღანეთს და ინდოეთს უნდა დაუკავშირდნენ.
ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსის მაიკლ ოჰანლონის განცხადებით:
“ავღანეთის აბრეშუმის გზის პროექტში ჩართვა შეუძლებელია ამ ქვეყანაში სტაბილურობის დამყარების გარეშე.“
მაიკლ ოჰანლონი ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხების ექსპერტია, რომელიც მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პარალელურად აუცილებელია ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დახვეწა.
მისი თქმით:“ 2014 წელს პრეზიდენტ კარზაის თავისი უფლებამოსილების ვადა უთავდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ავღანელებს მისი მემკვიდრის არჩევაში. სამწუხაროდ ავღანეთის კონსტიტუცია, რომლის შემუშავებაში ამერიკამაც მიიღო მონაწილეობა ძლიერი პრეზიდენტის და სუსტი პარლამენტის, სუსტი პოლიტიკური პარტიების არსებობას ითვალისწინებს. ეს კი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გარკვეულ სირთულეებს შექმნის.“
ანალიტიკოსების აზრით, 2014 წლის არჩევნები სრული კატასტროფა იქნება, თუ იმგვარ გაყალბებას ექნება ადგილი, როგორიც უკანასკნელ არჩევნებში იყო. ამის გამო აუცილებელია სერიოზული რეფორმების გატარება, რათა ავღანეთის ხელისუფლება სწორ გზას დაადგეს.
როგორც ამერიკის პროგრესის ცენტრის თანამშრომელი კაროლინ ვადჰამსი აცხადებს:
“სასამართლო სისტემა ძალზე სუსტია, იუსტიციის მინისტრი მთლიანად პრეზიდენტ კარზაიზეა დამოკიდებული. ამ სფეროში მხოლოდ მინიმალური რეფორმები ტარდება. საჭიროა მთელი სისტემის დეცენტრალიზაცია.“
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ავღანეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ თუ არ მოხერხდა 2014 წლამდე ავღანეთში უშიშროების პრობლემის მოგვარება ეს გეგმა აუხდენელ ოცნებად დარჩება.