საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 6 იანვარს, საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა რუსეთის საგარეო ჩარევასა და ამ კონტექსტში საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციაზე ისაუბრა.
„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა ევროპელებისა და სხვა ქვეყნების მიმართ“, - თქვა მაკრონმა.
მაკრონი ამბობს, რომ რუსეთმა ბირთვული დოქტრინისადმი მიდგომა შეცვალა და საკუთარი მეზობლებისადმი უფრო აგრესიული გახდა.
„ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე - საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ“, - თქვა მაკრონმა.
მაკრონის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ის საფრანგეთის პრეზიდენტს ურჩევს უკრაინას "მიხედოს".
„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე - ეს არის განადგურებული უკრაინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ სოციალურ ქსელ "X"-ში დაწერა:
„ვინაიდან ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლების მებრძოლებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქცევს, ის აფასებს დემონსტრანტების და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას საქართველოში და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შესაძლოა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“.
ელჩის განცხადება, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააზიარა და დაწერა:
"საფრანგეთში პოლიტიკაში ჩარევას კი არ ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“.
მოგვიანებით, პაპუაშვილმა ამაზე განცხადება ჟურნალისტებთანაც გააკეთა და მაკრონს სიცრუის გავრცელებაში დასდო ბრალი:
"პრეზიდენტ მაკრონის გუშინდელი განცხადების ორივე პუნქტი რუსული ჩარევასა და ბიულეტენების ჩაყრაზე ეყრდნობოდა ცრუ ნარატივს. სამწუხაროა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ცრუ ნარატივზე დაფუძნებით შემდეგ უკვე რაღაც დასკვნებს გვაცნობს. ეს რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა არყევს ნდობას სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ ქართველი ხალხის თვალში. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონიც, რომელიც საქართველოს შესახებ შემუშავებული "მეგობარი აქტის" ავტორია და რომელმაც ის ცოტა ხნის წინ, განახლებული შემადგენლობით შეკრებილ კონგრესში თავიდან წარადგინა.
კონგრესმენი უილსონი პლატფორმა "X"-ზე წერს:
„მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. ამის რეალობად ქცევის მიზნით, მის დონალდ ტრამპთან ერთად მუშაობას მოუთმენლად ველი“.
საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციები 40 დღეზე მეტია გრძელდება. ოპოზიციური პარტიები, სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არჩევნებსა და მის შედეგებს სამართლიანად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, ისინი აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დროებით შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები. მოსახლეობის ნაწილის პროტესტს მხარს უჭერს ბევრი დასავლელი ლიდერი, პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი. ამერიკამ და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებსა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, გადადგმული ნაბიჯების გამო, სავიზო და ფინანსური შეზღუდვებიც დაუწესა. თუმცა, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არჩევნებში ქართველი ხალხის ნება აისახა და რომ ქვეყანას ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია. სანქციები კი, პრემიერ-მინისტრის თქმით, არის ჯილდო "ქვეყნის ეროვნული ინტერესების მსახურებისთვის".