ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვატიკანი დიდხნიან ტაბუს არღვევს და პაპის ჯანმრთელობაზე ღიად საუბრობს


კათოლიკეები პაპის საჯანმრთელო მესას ესწრებიან
კათოლიკეები პაპის საჯანმრთელო მესას ესწრებიან

საუკუნეების განმავლობაში ვატიკანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაბუ პაპის ჯანმრთელობაზე ღიად საუბარი იყო. როგორც მსოფლიოს 1,4 მილიარდი კათოლიკეების ლიდერი, პაპი პატივსაცემი სულიერი ფიგურაა, ხოლო მის მიწიერ ჯანმრთელობაზე ლაპარაკი აქამდე მიზანშეწონილი არ იყო.

მაგრამ ახლა, როდესაც პაპი ფრანცისკე 14 თებერვლიდან რომის საავადმყოფოში ორმაგ პნევმონიას ებრძვის, ვატიკანმა ახალი მიდგომა შეიმუშავა. წმინდა საყდრის პრესსამსახური ყოველდღიურად ავრცელებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

ვატიკანის განცხადებებში, დეტალური ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ რა მკურნალობა უტარდება კათოლიკეების სულიერ ლიდერს და რა კონკრეტული გამოწვევების წინაშეა მისი ჯანმრთელობა.

”საკმაოდ გაოცებული ვარ”, - თქვა გრეგ ერლანდსონმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშუქებდა ვატიკანს.

"ერთად თავმოყრილი განახლებები აყალიბებს ნდობას, რომ ჩვენ ვიღებთ საკმაოდ ზუსტ შეფასებას პაპის მდგომარეობის შესახებ",- თქვა ერლანსონმა, კათოლიკური ახალი ამბების სამსახურის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა სააგენტო "როიტერთან" საუბრისას.

ჟურნალისტები, ვინც დიდი ხანია ვატიკანში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ, ამბობენ, რომ ღიაობა და საჯაროობა პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თავად პაპის ახალი პოლიტიკის ნაწილია, რადგან ფრანცისკე ცდილობს, რომ მეტი ღიაობა შეიტანოს ვატიკანში.

ორშაბათს, 24 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ფხიზლადაა, საღ გონებაზეა და მკურნალობის კურსს აგრძელებს. პაპი უკვე 10 დღეა საავადმყოფოში ფილტვების კომპლექსური ინფექციის დიაგნოზით მკურნალობს, რამაც თირკმლის უკმარისობაც გამოიწვია.

"ღამემ კარგად ჩაიარა, პაპს ეძინა და ახლა ისვენებს", - ნათქვამია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 88 წლის პაპი არ იღებს ხელოვნურ, ან თხევად საკვებს და კვებას თავად აგრძელებს, აცხადებენ ვატიკანში და ამბობენ, რომ ის კარგ განწყობაზეა.

კვირას გვიან, ექიმებმა განაცხადეს, რომ სისხლის ანალიზმა აჩვენა "თირკმელების ადრეული, უმნიშვნელო უკმარისობა", რომელიც, კონტროლს ექვემდებარება. მათი თქმით, პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მაგრამ შაბათის შემდეგ მას რესპირატორული კრიზისი აღარ ჰქონია.

რომის პაპს, რომელსაც ორივე ფილტვის მწვავე ანთება აქვს, დამატებითი ჟანგბადის დიდ ნაკადს აწვდიან. გავრცელებული ინფორმაციით, ის კვირას ფხიზლად იყო, რეაგირებდა და მესასაც დაესწრო.

XS
SM
MD
LG