ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი გონზეა და მკურნალობას აგრძელებს


სანთლები და ფოტოები საავადმყოფოს წინ, სადაც პაპი მკურნალობს. რომი, 2025 წლის 24 თებერვალი.
სანთლები და ფოტოები საავადმყოფოს წინ, სადაც პაპი მკურნალობს. რომი, 2025 წლის 24 თებერვალი.

ვატიკანი ამბობს, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ფხიზლადაა, საღ გონებაზეა და მკურნალობის კურსს აგრძელებს. პაპი უკვე 10 დღეა საავადმყოფოში ფილტვების კომპლექსური ინფექციის დიაგნოზით მკურნალობს, რამაც თირკმლის უკმარისობის დაწყებაც გამოიწვია.

"ღამემ კარგად ჩაიარა, პაპს ეძინა და ახლა ისვენებს", - ნათქვამია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 88 წლის პაპი არ იღებს ხელოვნურ, ან თხევად საკვებს და კვებას თავად აგრძელებს, აცხადებენ ვატიკანში და ამბობენ, რომ ის კარგ განწყობაზეა.

კვირას გვიან, ექიმებმა განაცხადეს, რომ სისხლის ანალიზმა აჩვენა "თირკმელების ადრეული, უმნიშვნელო უკმარისობა", რომელიც, კონტროლს ექვემდებარება. მათი თქმით, პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მაგრამ შაბათის შემდეგ მას რესპირატორული კრიზისი აღარ ჰქონია.

რომის პაპს, რომელსაც ორივე ფილტვის მწვავე ანთება აქვს, დამატებითი ჟანგბადის დიდ ნაკადს აწვდიან. გავრცელებული ინფორმაციით, ის კვირას ფხიზლად იყო, რეაგირებდა და მესასაც დაესწრო.

ექიმები ამბობენ, რომ რომის პაპის ასაკისა და უკვე არსებული დაავადებების გამო, მისი ჯანმრთელობა ახლა ძალიან მყიფეა. მთავარ გამოწვევად კი სეფსისს ასახელებენ, რაც შესაძლოა პნევმონიის გართულების შედეგად დაფიქსირდეს.

XS
SM
MD
LG