ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ 23 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თითქმის ერთსაუკუნოვანი ძალისხმევის შემდეგ, საქართველო მალარიისაგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდა. ჯანმოს ცნობით, საქართველო მალარიისაგან თავისუფალი სტატუსის მქონე 45 ქვეყნისა და ერთი ტერიტორიისგან შემდგარ სახელმწიფოთა რიგებს შეუერთდა.
„ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ მიღწევას, რომელიც შესაძლებელი გახდა ათწლეულების განმავლობაში მალარიის, მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მკვლელი დაავადების, აღმოსაფხვრელად გაწეული მიზანმიმართული და მდგრადი ქმედებებით...საქართველოს თავდადება და წარმატება გვაძლევს იმედს, რომ მალარიისგან თავისუფალი სამყაროს არსებობა შესაძლებელია",- განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანმო მალარიის აღმოფხვრის სერტიფიკატს იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი ქვეყანა ყოველგვარი გონივრული ეჭვის გარეშე დაამტკიებს, რომ ადგილობრივი გადაცემის ჯაჭვი შეწყვეტილია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სულ მცირე - გასული სამი წლის განმავლობაში.
„საქართველოს ეს მიღწევა ნამდვილად აღსანიშნავია. ამ მიღწევის წყალობით, ჯანმოს ევროპის რეგიონი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მსოფლიოში პირველი მალარიისგან თავისუფალი რეგიონის სტატუსს... ეს არ ხდება ვაკუუმში, ეს შესაძლებელი გახდა მდგრადი ინვესტიციების, ჯანდაცვის მუშაკთა თავდადებისა და მალარიის ყველა შემთხვევის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტიანი მკურნალობის მიზნობრივი ძალისხმევის წყალობით ”,- თქვა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა. მისივე განცხადებით, ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
საქართველოში მალარია საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. 1900-იან წლებში, ქვეყანაში მალარიის პარაზიტის მინიმუმ სამი სახეობა ფიქსირდებოდა. ქვეყანამ 2005 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 9 ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა ტაშკენტის დეკლარაციას, სადაც კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება მალარიის აღმოფხვრის შესახებ. დღეს ქვეყანა მალარიისგან თავისუფალია.
Facebook Forum