ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაერის დაბინძურება და ახალშობილის გონებრივი განვითარების რისკები - რუბრიკა “გალილეო”


“დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად, მათ მომავალს” - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი. “იუნისეფმა” 6 დეკემბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე მცხოვრები ერთ წლამდე ასაკის ჩვილი ბავშვები გონებრივი განვითარების დაზიანების რისკის ქვეშ იმყოფებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე 17 მილიონს აღწევს.

ბავშვის მომავალი განვითარებისთვის სიცოცხლის პირველ ათას დღეს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ პერიოდში ახალშობილის თავი ტვინი ყველაზე კრიტიკული და სწრაფი ზრდის პროცესშია. შესაბამისად, რისკი მაღალია და თანაც - ბევრნაირი. ანგარიშში ჩამოთვლილია ის გზები, რითაც ტოქსიკურ ჰაერს ახალშობილის თავის ტვინის დაზიანება შეუძლია. რისკები მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხომ თბილისში ჰაერის დაბინძურება თითქმის 3-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.

დაბინძურებული ჰაერით ახალშობილის თავის ტვინის დაზიანების მექანიზმებს შორის, “იუნისეფის” ანგარიში განსაკუთრებით გამოყოფს სამ გარემოებას:

1. დაბინძურებული მცირე ზომის ნაწილაკები აღწევს სისხლში და აზიანებს თხელ მემბრანას, რომელიც თავის ტვინს ტოქსინებისგან იცავს და შეუძლია ნერვული დაბოლოებების ანთების გამოწვევა. ზრდასრულებში მსგავს დაზიანებას მთელ რიგ კვლევებში ალცჰაიმერს და პარკინსონს უკავშირებენ.

2. ზოგიერთი დაბინძურბული ნაწილაკი, როგორიცაა მაგალითად, მაგნეტიტები, იმდენად მცირე ზომისაა, რომ ორგანიზმში ყნოსვითი ნერვით და ნაწლავიდანაც აღწევს, რამაც შესაძლოა ნეიროდეგენერაციული დაავადებები გამოიწვიოს.

3. მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ ავტომანქანებით გადატვირთული ტრასების მახლობლად და დიდ ქალაქებში განსაკუთრებით ბევრია PAH ჯგუფის ტოქსინები (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები), რომელიც ტვინის თეთრ ნივთიერებას აზიანებს. თეთრ ნივთიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის ნეირონების კომუნიკაციაში, რაც ბავშვის ათვისების უნარის და განვითარებისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს.

კვლევები ადასტურებენ, რომ ჰაერის დაბინძურებას და ბავშვის კოგნიტურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირია. ეს ეხება ნევროლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ქცევით პრობლემებს, ბავშვის მეხსიერებას, წარმატებას სწავლაში, ვერბალური და არავერბალური ინტელექტის კოეფიციენტს.

ჰაერი ორსულობის პერიოდშიც საზიანოა და უარყოფითად მოქმედებს ჩანასახის გონებრივ განვითარებაზე, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში. იმავე დღეებში, 5 დეკემბერს, "იუნისეფისგან" დამოუკიდებლად გამოქვეყნებულ ლონდონის იმპერიული კოლეჯის კვლევაში, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორსულობის პერიოდში, ქალაქში ტრანსპორტით დაბინძურებული ჰაერი ახალშობილებში დაბალ (2.5 კილოგრამის ქვევით) წონასაც უკავშირდება.

ჩვილი ბავშვის ტვინი დაბინძურებულ ჰაერში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა და მისი დაზიანება, ზრდასრულისგან განსხვავებით, ტოქსინების ძალიან დაბალი დოზითაც შეიძლება. ამას ემატება ის რისკ-ფაქტორი, რომ ახალშობილის სუნთქვის რიტმი ზრდასრულთან შედარებით, გაცილებით სწრაფია და მათი ფიზიკური და იმუნური სისტემები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი ამბობს, რომ „ბავშვების დაცვა დაბინძურებული გარემოსგან აუცილებელია არამარტო ბავშვების, არამედ საზოგადოების საკეთილდღეოდაც, რადგან სუფთა ეკოლოგია ნიშნავს შემცირებულ ჯანდაცვის ხარჯებს, გაზრდილ შრომისუნარიანობას და უსაფრთხო, სუფთა გარემოს ყველასთვის“.

“იუნისეფი” მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეუქმნან წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვებს. მინიმუმზე უნდა დავიდეს ტოქსინების მიღება როგორც გარეთ, ჰაერზე, ასევე შინ, სახლში, სადაც თამბაქოს გამონაბოლქვის, სამზარეულოში გაზქურის ხმარების, ან საწვავზე მომუშავე გამათბობლით გამოყოფილი ტოქსინების შესუნთქვის მაღალი რისკებია. ბავშვები უნდა მოვარიდოთ პიკის საათებში გარეთ გაყვანას და მგზავრობას. თუ აუცილებელია, მაშინ ცხვირ-პირზე ფილტრიანი ნიღაბი უნდა გავუკეთოთ.

ადგილობრივმა მთავრობამ ურბანული დაგეგმარებისას უნდა უზრუნველყოს საბავშვო ბაღების, სკოლების, ამბულატორიული დაწესებულებების და საავადმყოფოების ჰაერის მთავარი დამბინძურებლებიდან მოშორებით განლაგება. დამბინძურებლებს შორის სახელდება საავტომობილო გზები, ფაბრიკა-ქარხნები, ფერმები, რომელიც პესტიციდებით იწამლება და დაბინძურებული საირიგაციო წყლით ირწყვება. ამას გარდა, ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება შეიძლება წიაღისეულიდან სუფთა, განახლებად ენერგიის წყაროებზე მეტად გადასვლით და მათი მაქსიმალური ჩანაცვლებით; ჩანაცვლებისთვის ინვესტიციების სტიმულირებით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდით; მწვანე საფარის ფართობის ზრდით, თუ ნარჩენების სწორად მართვით, მათი გადამუშავების ეფექტური მეთოდების გამოყენებით - ნათქვამია "იუნისეფის" კვლევაში.

დავუბრუნდეთ თბილისს და საქართველოს. მსურველებს, ვურჩევთ გაეცნონ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქვემოთ მოყვანილ ფაქტებს ციფრებში და გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის ერთ ძალიან საინტერესო ინიციატივას.

  • დაბინძურებული ჰაერი მთავარი და ხშირად უხილავი მკვლელია, რომელსაც მსოფლიოში ყოველი მე-9 სიკვდილი უკავშირდება.
  • მათ შორის, უკავშირდება: 36% ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის; 34%-ინსულტის; 27%-გულის დაავადებების; 35%-ფილტვის ქრონიკული დაავადებების.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თბილისში დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატება.
  • მთლიანად საქართველოში ჰაერის დაბინძურებას წელიწადში საშუალოდ 3 741 ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ.
  • შედარებისთვის: ვაშინგტონში (აშშ) დაბინძურება ნორმაზე 10%-ით დაბალია; მადრიდში (ესპანეთი) ნორმას უტოლდება; რიგაში (ლატვია) ნორმას 70%-ით აჭარბებს; ბრიუსელში (ბელგია) ნორმაზე 80%-ით მეტია.
  • თბილისში რომ ნორმას თითქმის 300%-ით აჭარბებს, არ ნიშნავს, რომ მთელ საქართველოში იგივე მდგომარეობაა. მაგალითად, აბასთუმანში, ზღვარს მარტო 50%-ით ცდება და დაახლოებით ბონს (გერმანია) უტოლდება.

მონაცემების უკეთ გაცნობა შესაძლებელია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილ ვებგვერდზე. ინიციატივა „ისუნთქე სიცოცხლე“ Breathe Life 2030 მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ინფორმაციით უფასოდ ეხმარება ნებისმიერ მსურველს: ინდივიდს, ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ ადგილობრივ/ქვეყნის ლიდერებს. ესტუმრეთ ვებგვერდს http://breathelife2030.org და აირჩიეთ - იმოქმედე ახლავე (Act Now).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG