შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სააგენტო მილიონობით სატელეფონო აბონენტის მონაცემებს აგროვებს, რომლის საფუძველსაც აპრილში გამოცემული სასამართლოს საიდუმლო დადგენილება წარმოადგენს. როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ იუწყება, საიდუმლო ბრძანების მიხედვით, კომპანია „ვერაიზონს“ უშიშროების სააგენტოსთვის ყოველდღიურად სატელეფონო ზარებზე ინფორმაციის მიწოდება ევალებოდა, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ამერიკიდან უცხოეთში დარეკილ ნომრებზე. ამის შესახებ ასევე ინფორმაციას ავრცელებენ „ვაშინგტონ პოსტი“ და „ნიუ იორკ თაიმსი“. მათი ინფორმაციით სასამართლოს განკარგულება კომპანია „ვერაიზონს“ საუბრების შინაარსის მიწოდებას არ ავალდებულებდა. აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ ისურვეს არც გამოძიების ფედერალურ ბიუროში და არც თეთრ სახლში. კომპანია „ვერაიზონიც“ ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასამართლომ დადგენილების მიღების დროს პატრიოტული აქტის მიხედვით იმოქმედა, რომელიც თავის მხრივ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამოქმედდა.
კომპანია „ვერაიზონს“ უშიშროების სააგენტოსთვის ყოველდღიურად სატელეფონო ზარებზე ინფორმაციის მიწოდება ევალებოდა