ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტურჩინოვი პრორუსულ დაჯგუფებებს ულტიმატუმს უყენებს


შეწყალების სანაცვლოდ, პრორუსულმა დაჯგუფებებმა იარაღი უნდა დაყარონ და დონეცკში და ლუგანსკში დაკავებული სამთავრობო შენობები დატოვონ

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ტურჩინოვი პრორუსული დემონსტრაციების მონაწილეებს შეწყალებას პირდება. სანაცვლოდ, მათ იარაღი უნდა დაყარონ და ის სამთავრობო შენობები გაათავისუფლონ, რომლებიც მათ აღმოსავლეთით მდებარე ორ ქალაქში დაიკავეს.

ტურჩინოვმა დღეს განაცხადა, რომ მისი პირობა ოფიციალურ სახეს მიიღებს და საპრეზიდენტო დადგენილებით გაფორმდება. ამბოხებულების მხრიდან საპასუხო რეაქციის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. შინაგან საქმეთა მინისტრის -არსენ ავაკოვის- მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინა შენობების ოკუპაციას პარასკევს ნებისმიერი გზით დაასრულებს, იქნება ეს მოლაპარაკება, თუ ძალის გამოყენება.

პრორუსულმა სამხედრო დაჯგუფებებმა ოფიციალური სამთავრობო შენობები ლუგანსკში და დონეცკში დაიკავეს. ისინი ყირიმის მსგავსად, უკრაინისგან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. ამ ფაქტს ამერიკელმა დიპლომატმა, ვიქტორია ნულანდმა „ფრთხილად ორკესტრირებული, კარგად დაგეგმილი და გამიზნული“ ქმედება უწოდა. კონგრესის წინაშე გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებებში რუსეთის ჩართულობის შესახებ უამრავი მტკიცებულება არსებობს. მან კონგრესმენები საპასუხო „აგრესიული ქმედების“ გარეშე მოსალოდნელი შედეგების თაობაზე გააფრთხილა და ისიც აღნიშნა, რომ დიდი მოლოდინი არ აქვს მომავალ კვირაში უკრაინის, რუსეთის, ამერიკის და ევროკავშირის უმაღლესი დონის დიპლომატთა შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG