შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 თებერვალს, გვიან საღამოს თეთრ სახლში უმასპინძლა ამერიკელ მასწავლებელს, მარკ ფოგელს, რომელიც რუსეთში იყო დაპატიმრებული. ის რუსეთმა 2021 წლის აგვისტოში დააკავა და ბრალი ქვეყანაში სამედიცინო დანიშნულებით გამოწერილი მარიხუანის შეტანის გამო წაუყენა.
"ამ მომენტში თავს დედამიწაზე ყველაზე იღბლიან ადამიანად ვგრძნობ," - თქვა ჟურნალისტებთან ფოგელმა თეთრ სახლში, ტრამპის გვერდით მდგარმა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, ამერიკელ დიპლომატებსა და კანონმდებლებს მისი გათავისუფლებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის. "განცვიფრებული ვარ იმით, რაც მათ გააკეთეს," - აღნიშნა ფოგელმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აფასებს რუსეთის მიერ ფოგელის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, თუმცა არ დააკონკრეტა შეთანხმების დეტალები, გარდა იმისა, რომ მას უწოდა "ძალიან სამართლიანი" და "ძალიან გონივრული".
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 12 თებერვალს განუცხადა, რომ შეთანხმების ფარგლებში ამერიკა რუსეთში დააბრუნებს ერთ რუს მოქალაქეს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი გაათავისუფლებს ალექსანდრ ვინიკს, რომელიც ეჭვმიტანილია კიბერდანაშაულის ორგანიზებაში. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად "ნიუ-იორკ თაიმსმა" გაავრცელა.
ვინიკი მართავდა კომპანიას BTC-e, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა იყო. ის 2017 წელს დააკავეს ვაშინგტონის მოთხოვნით, რადგან ეჭვმიტანილი იყო ბირჟის მეშვეობით 4 მილიარდი დოლარის გათეთრებაში. მაისში, ვინიკმა თავი დამნაშავედ ცნო ფულის გათეთრებაში და მას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
ტრამპმა 11 თებერვალს ასევე აღნიშნა, რომ ის მოგვიანებით განცხადებას კიდევ ერთი ტყვის გათავისუფლებაზე გაკეთებს.