ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ამერიკელი მარკ ფოგელი გაათავისუფლა


რუსეთში დაკავებული ამერიკელი მარკ ფოგელის პორტრეტი აშშ-ის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე. ვაშინგტონი, აშშ. 15 ივლისი, 2023 წ.
რუსეთში დაკავებული ამერიკელი მარკ ფოგელის პორტრეტი აშშ-ის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე. ვაშინგტონი, აშშ. 15 ივლისი, 2023 წ.

თეთრი სახლის განცხადებით, 11 თებერვალს რუსეთმა გაათავისუფლა ამერიკის მოქალაქ მარკ ფოგელი, რომელიც თითქმის 4 წელია პატიმრობაშია, როგორც "კეთილი ნების გამოხატულება". ფოგელი რუსეთში 2021 წელს, ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას მაიკ უოლცი ავრცელებს, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„დღეს, პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპსა და მის საგანგებო დესპან სტივ უიტკოფს აქვთ შესაძლებლობა განაცხადონ, რომ ბატონი უიტკოფი რუსეთის საჰაერო სივრცეს მარკ ფოგელთან ერთად ტოვებს, იმ ამერიკელთან ერთად, რომელიც რუსეთს ჰყავდა დაკავებული", - ნათქვამია ცოტა ხნის წინ მაიკ უოლცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ასევე აღნიშნავს, რომ "ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან კეთილი ნების გამოხატულებაა და ნიშანია იმის, რომ უკრაინაში სასტიკი და საშინელი ომის დასრულების მიმართულებით სწორ გზას ვადგავართ".

განცხადების დასასრულს, უოლცი ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც გააგრძელებს მსოფლიოში დაკავებული ამერიკელების წარმატებით გათავისუფლებას "მანამ, სანამ ყველა დაკავებული ამერიკელი შეერთებულ შტატებში არ დაბრუნდება".

რაც შეეხება რუსების მიერ გათავისუფლებულ მარკ ფოგელს, უოლცის განცხადების მიხედვით, ის სამშობლოში დღეს, 11 თებერვლის საღამოს დაბრუნდება.

ფოგელის დაკავების ამბავი

ყოფილი სკოლის მასწავლებელი მარკ ფოგელი რუსეთში 14-წლიან სასჯელს იხდიდა. ის მასწავლებლობამდე მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობდა.

ფოგელს ბრალად ნარკოტიკების უკანონო გადატანა წაუყენეს და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. რუს სამართალდამცავთა განცხადებით, 2021 წლის აგვისტოში, ფოგელს 17 გრამი მარიხუანა უპოვეს.

თავად ფოგელი ამბობს, რომ ის მარიხუანას სამკურნალოდ იყენებდა და ბარგშიც ამიტომ ედო. დაკავების მომენტში ის მოსკოვში მდებარე ამერიკულ სკოლაში ასწავლიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG