ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებები მომავალი კვირის დასაწყისში, ვაშინგტონში განახლდება. თუმცა პირველი რაუნდის შემდეგ მიმომხილველები ამბობდნენ, რომ განსხვავებები ორ მხარეს შორის იმდენად დიდი და ფუნდამენტურია, რომ სავარაუდოდ, ტარიფებთან დაკავშირებით ვითარების ესკალაცია გარდაუვალი იქნება.
ვაშინგტონის მოთხოვნების მიხედვით, პრეზიდენტ ტრამპის დელეგაციამ პეკინისგან მოითხოვა 2020 წლისთვის ამერიკასთან სავაჭრო დეფიციტის შეკვეცა 200 მილიარდით, ასევე მკვეთრი შემცირება ტარიფებისა და სამთავრობო სუბსიდიებისა მაღალ-განვითარებულ ტექნოლოგიებში.
ოფიციალურ პეკინს კი სხვა საკითხებთან ერთად სურს, რომ შეერთებული შტატები აღარ შეეწინააღმდეგოს ჩინეთისთვის „საბაზრო ეკონომიკის“ სტატუსის მინიჭებას "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში", შეცვალოს საექსპორტო შეზღუდვა ჩინეთის მაღალტექნოლოგიური კომპანია ZTE Corp-ის მიმართ და გახსნას ამერიკის მთავრობის შესყიდვები ჩინური ტექნოლოგიებისა და სერვისებისთვის.
ვაშინგტონში მდებარე „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" ჩინეთის მკვლევარი სკოტ კენედი ამბობს, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა აჩვენა რამდენად დაშორებულია ჩინეთისა და ამერიკის პოზიციები და შეხედულებები იმის თაობაზე თუ რა არის სამართლიანი პირობა, რა სურთ და რის გაკეთებას ელოდებიან ერთმანეთისგან.
„ვფიქრობ, ჩვენ კვლავ ესკალაციისკენ მივემართებით. ორივე მხარე მიიღებს ახალ ტარიფებს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ სულ მცირე ის მაინც ვიცით ახლა, უშუალოდ რაზე არის ბრძოლა", - ამბობს კენედი და განმარტავს "ეს არის იმის შესახებ იქნება თუ არა ჩინეთი „საბაზრო ეკონომიკის“ მქონე ქვეყანა, ან თუ შეძლებს ის შეინარჩუნოს მისი სახელმწიფო კაპიტალისტური სისტემა რაიმე ტიპის შეზღუდვის გარეშე."
ჩინეთი „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ წევრი 2001 წელს გახდა, როგორც არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა. 15 წლის შემდეგ მას ეს სტატუსი ბუნებრივად უნდა მინიჭებოდა, თუმცა ასე არ მოხდა: ევროკავშირი და ამერიკა უარს ამბობენ ჩინეთისთვის ამ სტატუსის მინიჭებაზე. პეკინი კი მოითხოვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნები ასე არ მიიჩნევენ, ჩინეთი მაინც უნდ ცნონ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად. თუმცა ამავე დროს, პრეზიდენტ სი ძინპინის მმართველობის ქვეშ კომუნისტურმა პარტიამ ჩინეთში ბიზნესსა და ეკონომიკაზე კონტროლი გააძლიერა.
და რაც დრო გადის, უფრო ნათელი ხდება, რომ რეფორმების განმარტება ჩინეთისა და დასავლეთისთვის ძლიერ განსხვავებულია. ამ წლის დასაწყისში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, უილიამ ზარიტმა აღნიშნა, რომ წლების მანძილზე ბევრი ელოდა, რომ ჩინეთი 2000-იანი წლების დასაწყისში აღებულ კურსს გააგრძელებდა და დასავლური სტილის ეკონომიკურ რეფორმებს გაატარებდა.
„ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ რეფორმამ განსხვავებული მიმართულება შეიძინა და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილ საწარმოებს გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს“, - თქვა ზარიტმა. „და ახლა, როდესაც მესმის საუბარი რეფორმების შესახებ, ეს უფრო იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები უფრო ეფექტური გახდეს და არა პირდაპირ და აუცილებლად იმას, რომ რომ კონკურენტუნარიანი გახდეს სავსებით საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში“.
თუმცა ჩინეთის სოციალური მეცნიერებების აკადემიის ეკონომისტი სონგ ჰონგი ამბობს, რომ ჩინეთმა შეასრულა „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ მიმართ არსებული ვალდებულებები და სწორედაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაარღვიეს ქვეყნისთვის მიცემული პირობა. მისივე განმარტებით ვაშინგტონის მოთოხვნები ეკონომიკურადაც გაუმართლებელია, რადგან შეუძლებელია ამ ორი ქვეყნის "თანაბარ პირობებში ჩაყენება".
"ბაზარი ჩინეთსი ცხადია არ არის ისეთი გახსნილი, როგორც შეერთებულ შტატებში, რადგან ჩინეთი განვითარებად ქვეყნად რჩება და ის შტატებს არ შეედრევა", - ამბობს სონგი და განმარტავს: "ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ჩინეთში 10 000 ამერიკული დოლარია, როცა შტატებში იგივე მაცვენებელი 5-ჯერ მაღალია. როგორ შეიძლება ეს ქვეყნები თანასწორი იყოს?".
ზოგიერთი ჩინური მედიასაშუალება გამამხნევებლად იუწყება, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩაინიშნა. მართლაც, ორშაბათს თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის დელეგაცია ვაშინგტონს ეწვევა. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ამერიკა 150 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტზე ტარიფების შეცვლით იმუქრება. ჩინეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტის მეორე დღეს ვაშინგტონში საჯარო განხილვაა დაგეგმილი, ამ ღონისძიებაზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკისა და პრაქტიკის გამოძიების შედეგები და ტარიფების საკითხი უნდა განიხილონ.
თუკი 23 მაისამდე ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ანალიტიკოსების თქმით, ვაშინგტონი უფლებამოსილი იქნება განაგრძოს პროცესი ტარიფებთან დაკავშირებით. ჩინეთი კი პირობას დებს, რომ დაუყოვნებლივ „შესაბამისადვე“ იმოქმედებს.
მკვლევარი სკოტ კენედიამბობს, რომ ამჯერად ესკალაციის შანსები გაცილებით მაღალია.
"არა მხოლოდ იმის გამო, რომ უთანხმოება ძალიან ფუნდამენტურ საკითხებზეა, არამედ იმიტომაც, რომ ჩინეთი ახლა გაცილებით ძლიერი და ამბიციურია, ვიდრე ადრე. ასე რომ მარტივად ეს საქმე არ მოგვარდება", - ამბობს ჩინეთის მკვლევარი.
Facebook Forum