ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საიმიგრაციო სამსახურმა ნიუარკში უსაბუთო იმიგრანტებზე რეიდი მოაწყო


შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახურის აგენტებმა ქალაქ ნიუარკში მოწყობილი რეიდის დროს, უსაბუთო იმიგრანტები და ასევე ამერიკის ერთი მოქალაქე დააკავეს. ქალაქის მერმა რას ბარაკამ განაცხადა, რომ 23 იანვარს მოწყობილი რეიდის დროს სამხედრო ვეტერანი დააკავეს და იქ ადამიანის უფლებები დაირღვა.

რას ბარაკამ თავის განცხადებაში თქვა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტებმა „უსაბუთო მცხოვრებლების და ასევე მოქალაქის“ დაკავებისას შესაბამისი ორდერი არ წარმოადგინეს და რომ ჩატარებულმა რეიდმა ამერიკის მოქალაქის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები დაარღვია.

ნიუ-ჯერსის შტატის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქის მერს ნიუარკი, რომელიც ნიუ-იორკის გვერდით მდებარეობს, იმიგრანტებისთვის „უსაფრთხო“ ქალაქად ჰქონდა გამოცხადებული.

პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლის დაკავებისთანავე აღმასრულებელი განკარგულებების მთელი წყება გამოსცა. ბრძანებულებათა ნაწილი მიმართულია ამერიკის სამხრეთ საზღვრების უკეთ დაცვისკენ, არალეგალური იმიგრაციის შესამცირებლად, თუ ქვეყანაში უკანონოდ მყოფი მილიონობით იმიგრანტის დეპორტაციისთვის.

საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის პრესმდივანმა ნიუარკის მერის ბრალდებაზე პასუხად განაცხადა, რომ „სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს შესაძლოა აგენტებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებთანაც მოუხდეთ შეხება და შესაძლოა პიროვნების ვინაობის დასადგენად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა მოსთხოვონ, როგორც ეს დღეს, ნიუარკში დაგეგმილი ოპერაციის დროს მოხდა“. პრესმდივანმა ასევე თქვა, რომ საიმიგრაციო სამსახური ამ შემთხვევას იძიებს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლივიტმა X-ზე გამოაქვეყნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს 538 პირი დააკავა და ისინი აღწერა როგორც „უკანონო იმიგრანტი კრიმინალები“. მან თქვა, რომ ეს ჯგუფი მოიცავდა ვენესუელის ციხის ბანდების წევრებს და სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

XS
SM
MD
LG