ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ "მაღალი საფრთხის მატარებელ" მიგრანტებს კვლავ გუანტანამოს ბაზაზე გზავნის


რამდენიმე დღის თავზე, მას შემდეგ, რაც გუანტანამოს ბაზაზე მიგრანტთა დაკავების ობიექტები დაცალა, შეერთებულმა შტატებმა ყურეში მეტი მიგრანტის გაგზავნა დაიწყო, რომელთაც ოფიციალური პირები „მაღალი საფრთხის მატარებელ“ კრიმინალ უცხოელებად მიიჩნევენ.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, ტეხასის ფორტ ბლისიდან აფრინდა და კვირას გუანტანამოს ყურეში დაეშვა, კუბის კუნძულზე.

მეორე ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ 17-ვე მიგრანტი „მაღალი საფრთხის მატარებლად“ იყო შეფასებული და სამხედრო საზღვაო ბაზის დაკავების დაწესებულებაშია მოთავსებული.

ორივე ოფიციალური პირი დეპორტაციის ოპერაციების შესახებ „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის პირობით ესაუბრა.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ჯერ-ჯერობით არ გამოეპასუხნენ კითხვებს, რომელიც გუანტანამოზე გაგზავნილ დაკავებულთა ვინაობას, მათ წარმომავლობას და ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა.

საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ გუანტანამოში მყოფი 177 მიგრანტი ჰონდურასში გადაიყვანა, საიდანაც ისინი ვენესუელის მთავრობამ აიყვანა.

ოფიციალურმა პირებმა ადრე თქვეს, რომ იმ დაკავებულთაგან 120-ზე მეტი, საშიში კრიმინალი იყო, მათ შორის ვენესუელის ქუჩის ბანდა „ტრენ დე არაგუას“ წევრები, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობას უცხოეთის ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. სხვა 50 პირი, რომელთა დეპორტაციაც ხუთშაბათს მოხდა, ბაზის მიგრანტთა ობიექტზე იყო განთავსებული, რომელიც არა მოძალადე პირებისთვისაა გათვალისწინებული.

ამერიკული სამოქალაქო უფლებების კავშირმა, იმიგრანტთა უფლებადამცველ სხვა ჯგუფებთან ერთად, თვის დასაწყისში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც დეპარტამენტს ბრალს სდებს, რომ გუანტანამოზე დაკავებულებს, დეპორტაციამდე ადვოკატებთან წვდომის საშუალება არ მისცეს.

დეპარტამენტმა სარჩელში მოყვანილი ბრალდებები უარყო.

XS
SM
MD
LG