უკრაინა
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 13 დეკემბერს დიდი შვიდეულის ლიდერებს ვირტუალურად შეხვდა და ესაუბრა. მას სურდა მხარდაჭერის გარანტირება უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის აგრესიას უკვე თითქმის 3 წელია ებრძვის.
ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს ექვს კვირაზე ნაკლებ დროში დატოვებს, თეთრ სახლს კი 20 იანვრიდან არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს, რომელიც ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, უკრაინის მასშტაბური დახმარებისადმი უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი.
დიდ შვიდეულთან მოლაპარაკებამდე, ვაშინგტონმა ამ კვირაში უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად, მსოფლიო ბანკის მეშვეობით $20 მილიარდის მიწოდება უზრუნველყო. ეს კიევისთვის განსაზღვრული ახალი $50 მილიარდის ოდენობის სესხის ნაწილია, რომელსაც მას დიდი შვიდეულის დემოკრატიული ქვეყნები პირდებიან და რომელთა საპროცენტო განაკვეთი რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული დივიდენდებით ანაზღაურდება.
ამ კვირაშივე ბაიდენმა უკრაინის უსაფრთხოებას ახალი დახმარება დაუმტკიცა. მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც კიევს დამატებითი საჰაერო თავდაცვით, არტილერიით, თვითმფრინავებითა და ჯავშანტექნიკით უზრუნველყოფს, რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ, რიგით 72-ეა.
თეთრი სახლი პარალელურად მუშაობს ახალ სანქციებზე, რომელიც რუსეთს უახლოეს მომავალში დაუწესდება. ”როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ დამატებითი პაკეტების მიწოდება ამ ადმინისტრაციის დასრულებამდე”, - თქვა ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
სირია
რაც შეეხება სირიას, დიდი შვიდეულის ლიდერებმა ისაუბრეს მთავრობის სწრაფ შეცვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, რაც ოპოზიციის მიერ ბაშარ ალ ასადის ჩამოგდებას მოჰყვა. დიდი შვიდეულის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ისინი "მზად არიან მხარი დაუჭირონ გარდამავალ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს სანდო, ინკლუზიურ და არასექტანტულ მმართველობამდე" სირიაში.
ახალი მთავრობის მხარდაჭერას განსაზღვრავს „კანონის უზენაესობის დაცვა, ადამიანის საყოველთაო უფლებების, მათ შორის ქალთა უფლებების, ყველა სირიელის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით, დაცვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, - ნათქვამია დიდი შვიდეულის ლიდერთა ერთობლივ განცხადებაში.
ამბოხებულთა დაჯგუფება, რომელმაც სირიაში ასადების დინასტიის მრავალდეკადიანი მმართველობა დაასრულა, შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. მისი ლიდერის, აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის დაკავებაზე კი ვაშინგტონს $10-მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული.
ამერიკამ და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მიანიშნეს, რომ ჯულანის დაჯგუფების ტერორისტთა სიიდან ამოღება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ინკლუზიური გახდება სირიის ახალი მთავრობა. თავად ჯულანი ბოლო წლებში ექსტრემისტული იდეოლოგიისგან დისტანცირებას ამჯობინებდა და ცდილობდა დაერწმუნებინა ყველა, რომ დაიცავდა სირიაში მცხოვრები ქრისტიანების, ქურთებისა და სხვა უმცირესობათა ინტერესებს.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ამერიკამ სირიის კონფლიქტისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. "ეს არ არის ჩვენი ომი", - დაწერა მან სოციალურ ქსელში მაშინ, როცა გავრცელდა ცნობები სირიაში ხელისუფლების დამხობის თაობაზე. "მიუშვით დინებაზე. არ ჩაერთოთ", - განაცხადა ტრამპმა.