ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ


ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხუთშაბათს მათმა საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანა „ჰეზბოლას“ მიერ სამხრეთ ლიბანში საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების შესანახ ობიექტზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორივე მხარემ ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. შეთანხმება მიზნად ისახავს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლის შეჩერებას.

ისრაელის განცხადებით, ხუთშაბათს ცეცხლი გახსნეს "ეჭვმიტანილების" მიმართულებით, რომლებიც რამდენიმე ზონაში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, რასაც ისრაელი მიიჩნევს ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფის, „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევად. შეთანხმება ოთხშაბათს ამოქმედდა.

"ჰეზბოლას" წარმომადგენელმა, ჰასან ფადლალამ, თავის მხრივ, ისრაელი დაადანაშაულა შეთანხმების დარღვევაში. „მტერი ისრაელი თავს ესხმის მათ, ვინც ბრუნდება სასაზღვრო სოფლებში,“ - განაცხადა ფადლალამ ჟურნალისტებთან.

ხუთშაბათს განხორციელებული საჰაერო დარტყმა პირველი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ. ლიბანის უსაფრთხოების წყაროებისა და მაუწყებელ „ალ ჯადიდის“ ინფორმაციით, იერიში ბეისარიასთან, მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით განხორციელდა.

ცეცხლის შეწყვეტის პირობები ითვალისწინებს, რომ მდინარე ლიტანის სამხრეთით არასანქცირებული სამხედრო ობიექტები უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს არ ეხება მდინარის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ ობიექტებს.

მანამდე, ისრაელმა ცეცხლი ხუთ დასახლებულ პუნქტზე და რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო დასახლებაზე მიიტანა სამხრეთ ლიბანში, აცხადებენ სახელმწიფო მედია და უსაფრთხოების წყაროები. მათი ცნობით, დაიჭრა მინიმუმ ორი ადამიანი.

ცეცხლის შეწყვეტის პირობები

შეთანხმება, რომელიც იშვიათ დიპლომატიურ მიღწევას წარმოადგენს კონფლიქტებით მოცულ რეგიონში, ასრულებს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მრავალწლიან დაპირისპირებას. თუმცა, ისრაელი კვლავ ებრძვის პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰამასს“, ღაზის სექტორში, 2023 წლის 7ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ სამხრეთ ისრაელზე მიტანილი თავდასხმის საპასუხოდ.

ისრაელის თავდასხმებმა ლიბანში, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 3,961 ადამიანი იმსხვერპლა. გარდა ამისა, 16,520 ადამიანი დაიჭრა. მონაცემებში არაფერი ნათქვამი იმაზე, თუ რამდენია სამოქალაქო პირი და რამდენი მებრძოლი მსხვერპლს შორის.

„ჰეზბოლას“ დარტყმებმა 45 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა ჩრდილოეთ ისრაელში და ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე. ჩრდილოეთ ისრაელში, გოლანის მაღლობებზე და სამხრეთ ლიბანში ბრძოლების დროს, დაიღუპა ისრაელის მინიმუმ 73 ჯარისკაცი, აცხადებს ისრაელის ხელისუფლება.

ცეცხლის შეწყვეტის პირობებით, ისრაელის ძალებს ლიბანის სამხრეთიდან გასვლისთვის 60 დღე აქვთ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ისრაელში მცხოვრებ მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლებში დაბრუნება მას შემდეგ, რაც ისინი ლიბანიდან რაკეტების გაშვების გამო იყვნენ ევაკუირებულნი. თუმცა, დაახლოებით 60,000 ადამიანისთვის, რომლებიც ჩრდილოეთ ისრაელიდან არიან ევაკუირებულნი, ჯერ არ მიუციათ დაბრუნების ნებართვა.

„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისინი „იარაღით ხელში“ დააკვირდებიან ისრაელის ჯარების ლიბანიდან გასვლას.

ისრაელის თავდასხმების შედეგად, დაჯგუფებამ სერიოზული დანაკარგები განიცადა, მათ შორის მოკლულია მისი ლიდერი, ჰასან ნასრალა და სხვა მეთაურები.

ლიბანის შეთანხმების გამოცხადებისას, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს ძალისხმევას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად და მოუწოდა ისრაელსა და „ჰამასს“ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG