ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ აღმოსავლეთ ფრონტის მეთაური შეცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიდევ ერთი ქალაქი აიღო


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ ფრონტის სარდალი შეცვალა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა სტრატეგიული ქალაქი დაიკავეს.

ბრიგადის გენერალი ანდრი ჰნატოვი აღმოსავლეთ ფრონტის სარდლის პოსტზე შეცვალა გენერალ მაიორმა მიხაილო დრაპატიმ, რომელიც ამავდროულად დარჩება სახმელეთო ძალების მეთაურად. ჰნატოვს დაევალა სწავლების და კომუნიკაციების კოორდინაციის ზედამხედველობა.

კვირას გვიან საღამოს ვიდეომიმართვაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიზანი დონეცკის რეგიონში ჯარების მართვის გაძლიერებაა. დონეცკი, რომელიც 2014 წლიდან ბრძოლის ველია და 2022 წელს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოთხი ანექსირებული პროვინციიდან ერთ-ერთია, ბრძოლის ცენტრად რჩება უკვე ერთ წელზე მეტია.

უკრაინის სამხედრო ძალებმა ორშაბათს დაადასტურეს, რომ დატოვეს დონეცკის რეგიონის ქალაქი ველიკა ნოვოსილკა, ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთმა მისი დაკავების შესახებ განაცხადა. უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის სამხედრო წარმომადგენელმა, ვიქტორ ტრეჰუბოვმა, დაადასტურა, რომ რუსული ძალები ქალაქში შევიდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ ბრძოლა ქალაქის შემოგარენში გრძელდება.

რუსული ძალები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნელა, მაგრამ მუდმივად მიიწევენ წინ უკრაინის აღმოსავლეთში, რის შედეგადაც ორივე მხარეს დიდი სამხედრო დანაკარგები აქვს. თავის მხრივ, კიევმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოახერხა რუსეთის შიგნით ტერიტორიის დაკავება და შენარჩუნება.

ახალი აღმოსავლეთის სარდალს, დრაპატს, რომელიც 42 წლისაა, უკრაინის არმიაში, პატივს სცემენ და მას მიაწერენ გასულ წელს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკოვის რეგიონში რუსული შეტევის შეჩერებას.

ომის სამწლიანი ნიშნულის მოახლოების ფონზე, უკრაინას პერსონალის მხრივ პრობლემები აქვს და მისი ჯარები გადაღლილია.

მთავრობამ ამის საპასუხოდ მობილიზაციის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე დაწია და გაამკაცრა წესები სამხედრო გაწვევისგან თავის არიდებაზე. თუმცა, ჯერჯერობით, უფრო დაბალი ასაკობრივი ზღვრის დაწესებისგან თავი შეიკავა.

ტრეჰუბოვის თქმით, დონეცკის რეგიონში მდებარე ლოგისტიკური ცენტრი პოკროვსკი რჩება რუსეთის მთავარ სამიზნედ. ქალაქში, რომელიც შეჭრამდე დაახლოებით 60,000 მოსახლეს ითვლიდა, დაახლოებით 7,000 ადამიანი დარჩა.

„პოკროვსკის მიმართულება შეადგენს საბრძოლო შეტაკებების ნახევარზე მეტს. აქ ბრძოლები ძალიან აქტიურია,“ განუცხადა ტრეჰუბოვმა უკრაინულ ტელევიზიას. „მათ სურთ ქალაქის გვერდის ავლა, მომარაგების ხაზების გაწყვეტა და ჩვენი ჯარების განდევნა ქალაქიდან.“

XS
SM
MD
LG