ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების შემსუბუქებაზე მიანიშნებს


აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი. 4 მარტი, 2025 წ. ვაშინგტონი, აშშ.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი. 4 მარტი, 2025 წ. ვაშინგტონი, აშშ.

შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა 5 მარტს თქვა, რომ შესაძლოა, კანადასა და მექსიკაზე დაწესებულ 25%-იან ტარიფებთან დაკავშირებით, ამერიკამ გარკვეული გამონაკლისი დაუშვას.

ეს ერთგვარ შერბილებას მოასწავებს ერთი დღით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მეზობელი ქვეყნებისთვის იმპორტზე დაწესებული გაზრდილი გადასახადების პოლიტიკაში.

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტარიფების გაზრდამ დააზარალა საფონდო ბირჟა. თუმცა, საფონდო ბირჟებზე ცვლილებების გარდა, ქვეყანაში წუხან, რომ ტარიფები ყოველდღიური საჭიროების და საკვების ფასებს გაზრდის.

კანადა აცხადებს, რომ ის არ არის დაინტერესებული ტარიფების შემცირებით ან სხვა შეღავათებით, არამედ მათ სრულ მოხსნას ითხოვს.

"ბლუმბერგთან" საუბრისას ლუტნიკმა თქვა, რომ ტრამპი ტარიფებთან დაკავშირებულ გეგმებს დღეს, ადგილობრივი დროით, შუადღეზე გამოაცხადებს. მისი თქმით, განახლებული გეგმის მიხედვით, შესაძლოა მეტი შეღავათი მიეცეთ ავტომწარმოებლებს, ენერგოსექტორს და სხვა რამდენიმე მიმართულებით მომუშავე სექტორს.

XS
SM
MD
LG