ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაობა შიდსის გარეშე


სულ რამდენიმე წლის წინ შიდსისისგან თავისუფალი თაობა სრულიად წარმოუდგენელი იყო, აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მეცნიერებთან ნოემბრის დასაწყისში მოწყობილ შეხვედრაზე.

დღეს უახლესი აღმოჩენების და მათი დანერგვის ნოვატორული გზების წყალობით უამრავი სიცოცხლის გადარჩენის და მილიონობით ადამიანის ბედის გაუმჯობესების შანსი გაჩნდა. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ახალი თაობის ჯანმრთელობაზეც შეგვიძლია უდიდესი ზეგავლენა მოვახდინოთ“ - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

თაობა შიდსის გარეშე ნიშნავს იმ პატარებს, რომლებიც ვირუსის გარეშე დაიბადებიან და ზრდის პერიოდშიც მათი ინფიცირების მხოლოდ მცირე შანსი იქნება, ეს კი დროულად და სწორად გატარებული პრევენციული ზომების წყალობით იქნება შესაძლებელი. და თუკი მოხდა ისე, რომ მათ იმუნოდეფიციტის ვირუსი მაინც შეეყარათ, მკურნალობის თანამედროვე მეთოდოლოგიის მეშვეობით მათ შიდსი არასოდეს განუვითარდებათ და ისინი სხვებს ამ დაავადებას აღარ გადასცემენ. „ვირუსი მომავალშიც დიდი შანსია ჩვენთან ერთად იყოს, მაგრამ არ არის აუცილებელი თან გაგვყვეს დაავადება, რომელსაც ის იწვევს“ - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.

ეს ყოველივე სამი მიმართულებით განხორციელდება: პირველი, მედიკამენტების საშუალებით, რომელიც აღკვეთავს ახალშობილზე დედისგან ვირუსის გადაცემას; მეორე: მამაკაცთა ნებაყოფლობითი წინდაცვეთით, რომელიც ინფექციის გავრცელების შეზღუდვის ძალზე ეფექტური საშუალებაა; და და მესამე: ინფიცირებულთა მკურნალობის ინტენსივობის გაზრდით, რაც სისხლში ვირუსის რაოდენობას ამცირებს და შესაბამისად მისი გავრცელების შანსიც მინიმუმზე დადის. პრეზერვატივების გამოყენებასთან და სხვა პრევენციულ ზომებთან კომბინაციაში ეს სამი მიმართულება ახალი დაავადების დამარცხების ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა.

შეერთებული შტატები შიდსთან ბრძოლისთვის ჩატარებული სამეცნიერო კვლევების და განვითარების პროგრამების ლიდერია. ორგანიზაცია „რეპფარის“ მეშვეობით ამერიკა პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს, აწვდის მედიკამენტებს სამკურნალო დაწესებულებებს და იმ ქვეყნების მოსახლეობას, რომელთაც ის ყველაზე მეტად ესაჭიროება. ქალბატონმა კლინტონმა მეცნიერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შიდსის პრევენციული ზომების კომბინაციის სტრატეგიის გაძლიერებისთვის სუბ-საჰარის ქვეყნებს დამატებით 60 მილიონ დოლარის სუბსიდირებას გამოუყოფს.

„როდესაც ამდენი ადამიანია განსაცდელში და ჩვენ მათი დახმარების საშუალება გვაქვს, მოვალე ვართ მათ გადასარჩენად ყოველი ღონე ვიხმაროთ... მთავარია არ გავჩერდეთ და ორიენტაცია მომავალზე ავიღოთ. და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენს მიღწევებს შორის იქნება თაობა შიდსის გარეშე“ - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

XS
SM
MD
LG