ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმი გლობალური საფრთხე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების დეტალები

შეერთებული შტატების განცხადებით, ირანი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში პირველ ადგილზეა. დეტალებს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.

შეერთებული შტატების საგანგებო ელჩი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში დენიელ ბენჯამინი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ირანული საფრთხე აფიქრებს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ირანის აქტიურობით და კერძოდ მისი ალ-ქუდსის ძალების ქმედებებით, ასევე მისი კავშირებით ჰეზბოლასთან,“ - ამბობს ბენჯამინი.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასული წლის სექტემბერში ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის დაგეგმვამ „გამოკვეთა ირანის ინტერესი გამოიყენოს საერთაშორისო ტერორიზმი თავისი საგარეო მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის შეერთებულ შტატებში.“ დოკუმენტის თანახმად, ირანი ახორციელებს ჰამასის და თალიბანის მებრძოლთა წვრთნებს, ასევე ალ-ყაიდას აძლევს საშუალებას გამოიყენონ მისი ტერიტორია სამხრეთ აზიის ქვეყნებში საბრძოლო მასალების და ცოცხალი ძალის გადასროლის მიზნით. ბენჯამინის განცხადებით, შარშან ოსამა ბინ ლადენის მკვლელობამ ტერორისტულ ქსელს დიდი დარტყმა მიაყენა.

„ჩვენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვხედავთ მილიონობით ადამიანს, რომელთაც სურთ თავიანთი მოთხოვნების მშვიდობიანად დაყენება, ალ-ყაიდას წაქეზების გარეშე. ამან კი ცვლილება შეიტანა დაჯგუფების მიზნებში, რომელიც მსოფლიოში ვითარების ძალადობრივ შეცვლაში მდგომარეობდა,“ - ამბობს ბენჯამინი.

თუმცა, ელჩის განმარტებით, ალ-ყაიდას მხარდამჭერები ახალ ვითარებასთან ადაპტაციას ადვილად ახერხებენ.

ალ-ყაიდას მოკავშირე ორგანიზაციებს შორის განსაკუთრებითთ გამორჩეულია არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი დაჯგუფება, რომელიც სამხრეთ იემენზე უკვე საკუთარ კონტროლს ახორციელებს და რეგიონში არსებულ არეულობას დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ იყენებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია სომალიში მოქმედი ალ-შაბაბის დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის შიგნით ახორციელებს შეტევებს. მოხსენების მიხედვით, დაჯგუფების სიძლიერე შეასუსტა აფრიკის კავშირის სამხედრო მისიის, ასევე კენიის და ეთიოპიის დანაყოფების სომალიში შესვლამ, რის შედეგადაც ალ-შაბაბი დედაქალაქ მოგადიშოდან განიდევნა. ბენჯამინის განცხადებით, პაკისტანში კვლავ უსაფრთხო თავშესაფარი გააჩნიათ ისეთ დაჯგუფებებს, როგორებიც არიან ჰაქანის ქსელი და ლაშქარ-ე-თაიბა.

ასევე ელჩი ადასტურებს, რომ სირიაში თანდათან იზრდება ალ-ყაიდას მებრძოლთა რაოდენობა, რომლებიც პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ მოქმედებენ. თუმცა, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ოპოზიციის უდიდეს ნაწილს რიგითი სირიელები შეადგენენ, რომლებიც დიქტატურის წინააღმდეგ იბრძვიან.
XS
SM
MD
LG