ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივლისის საინტერესო აღმოჩენები


მზის სისტემის ახალი პლანეტა; გიგანტური აისბერგის წარმოშობის ხმა; უფასო კომპიუტერული პროგრამა გარემოს დამცველებს; კვლევა გუნდური უნისონის შესახებ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00
ბმული

ივლისის თვეში საზოგადოებამ რამდენიმე საინტერესო სამეცნიერო-ტექნოლოგიური სიახლის შესახებ შეიტყო. აღმოჩენილია ახალი პლანეტა, რომელიც მზის სისტემაში მდებარეობს. ეს არის ნეპტუნის თანამგზავრი, როგორც მას დროებით უწოდებენ, ნეპტუნის ახალი მთვარე. აღმოჩენა გააკეთა ამერიკელმა მეცნიერმა, მარკ შოუვოსტერმა. ის კალიფორნიის სეტის ინსტიტუტში მუშაობს. პლანეტას ჯერ სახელი არ აქვს, მაგრამ, როგორც მისი ავტორი ამბობს, სავარაუდოდ, ნეპტუნის საპატივცემულოდ, სახელს ბერძნული და რომაული მითოლოგიიდან აირჩევს. შოუვოსტერის აღმოჩენა მოგვიანებით გადამოწმდა ცნობილი ტელესკოპით „ჰაბლი“, რომელმაც ფოტოებიც გადაიღო და მისი არსებობა საბოლოოდ დადასტურებულია. ჯერჯერობით ცნობილია, რომ პლანეტის დიამეტრია 20 კმ. ის ნეპტუნიდან დაახლოებით 105 ათას კილომეტრში მდებარეობს და ორბიტის შემოვლას 23 საათი უნდება.

ძალზე მგრძნობიარე, ახალი კომპიუტერული პროგრამა ტყის ხმებს იწერს და უდიდესი სიზუსტით გვეუბნება, თუ რა ცხოველები, ფრინველები, თუ ქვეწარმავლები ბინადრობენ იქ. მარტო იმას კი არ გვამცნობს, მაგალითად, რომ პუერტო რიკოს ჯუნგლებში ბაყაყები ბინადრობენ, არამედ აზუსტებს, თუ რომელი ჯიშის ბაყაყები არიან, რამდენი სახეობის და თითოეულ სახეობაში დაახლოებით რამდენი ბაყაყია. ბიოლოგები და გარემოს დამცველები დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ ამ სიახლეს, მით უმეტეს, რომ როგორც პროგრამის ავტორები აცხადებენ, ის სრულიად უფასოა. პროგრამას ქვია არბიმონი და მისი ხმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვებგვერდიდან arbimon.com.

შემდეგი ინფორმაცია უფრო კურიოზული აღმოჩენაა და მეცნიერებაში დიდ გარღვევას არ წარმოადგენს. შვედმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გუნდში მომღერლები მხოლოდ ხმებს როდი უწყობენ ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ მათი პულსიც ერთნაირია და გულისცემაც აბსოლუტურად სინქრონულად ხდება. ასე რომ სუნთქვასთან და ფაზებთან ერთად, გულისცემის აჩქარება და შენელებაც, როგორც ირკვევა, უნისონში ხდება და ეს ყოველივე ერთ ნერვს უკავშირდება. საინტერესოა ის მოსაზრება, რომ მსგავსი გუნდური ერთობა, შესაძლოა გაუცნობიერებლად სულიერი ერთობის საწყისიც კი იყოს. მეცნიერების აზრით, სწორედ ამიტომაც, სინქრონიზირებული გუნდური სიმღერები ყოველთვის თან ახლდა რელიგიურ რიტუალებს, თუ ლოცვებს, წარმართობიდან მოყოლებული, დღემდე.

და ბოლოს: ანტარქტიდაზე მყოფი მეცნიერები, რომლებიც ზღვის ველური გარემოს ცხოვრებას სწავლობდნენ, შემთხვევით შეესწრნენ გიგანტური აისბერგის წარმოშობას და მისი ხმაც ჩაწერეს. მას აღწერენ, როგორც ორმაგი ბასის ხმას. მეცნიერების თქმით, დაახლოებით ასეთივე ხმა აქვს 4-ბალიან მიწისძვრას. აისბერგის წარმოშობის ხმას ისეთი ძლიერი რეზონანსი ჰქონდა, რომ ხმის ტალღებმა ეკვატორამდეც კი მიაღწია. მკვლევარები აისბერგის წარმოშობის პროცესს ასე ხსნიან: უზარმაზარ ყინულზე თანდათან ჩნდება ბზარი. სწორედ ამ ბზარის გაჩენის დროს გამოსცემს აისბერგი ხმას. შემდეგ კონტინენტს გიგანტური ნაწილი წყდება და მოტივტივე კუნძულივით აგრძელებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. აისბერგის სიგრძე-სიგანე დაახლოებით 25/50 კილომეტრს უდრის.
XS
SM
MD
LG