ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოლები სირიელი დევნილებისთვის


გაზიანტეპის მერიაში ფიქრობენ, რომ სირიაში ომის გაგრძელების შემთხვევაში მათ ქალაქში დევნილთა რაოდენობა მოიმატებს

სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. თურქეთის ხელისუფლებამ კი სირიელი დევნილი ბავშვებისთვის სკოლების შექმნა დაიწყო. სკოლების უმეტესობა იმ ბანაკებშია, სადაც სხვადასხვა შეფასებებით 200 ათასამდე სირიელი დევნილია განთავსებული. თუმცა მათთვის, ვინც სახლებში ცხოვრობს, ამ დრომდე სკოლები ხელმისაწვდომი არ იყო. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკობ ბობი ქალაქ გაზიანტეპიდან არკვევდა, რომელიც სირიის საზღვრიდან 50 კილომეტრით არის დაშორებული.

გაზიანტეპში სირიელი დევნილებისთვის სპეციალური სკოლა გაიხსნა. აქ მეოთხე კლასის ჩათვლით სირიელი ბავშვები განათლებას არაბულ ენაზე იღებენ. ასევე აქ ბავშვები თურქულ და ინგლისურ ენებს ეუფლებიან. სკოლა ოქტომბერში გაიხსნა, როდესაც ნათელი გახდა, რომ დევნილები სამშობლოში მალე ვერ დაბრუნდებიან. აქ 600 სირიელი ბავშვისთვის რვა საკლასო ოთახია გამოყოფილი. უმცროსი კლასის მოწაფეები დილის, ხოლო უფროსი კლასელები შუადღის ცვლაში სწავლობენ. თურქულ ენას მათი მშობლებიც ეუფლებიან. მათთვის გაკვეთილები საღამოს ტარდება. სხვა ბავშვების მსგავსად, ხატვა სირიელებსაც უყვართ. მათ ნამუშევრებში ხშირად ემოციური და შემაშფოთებელი სცენებია ასახული. სკოლის დირექტორი ორჰან ბუიუკასლანი ამბობს, რომ ხატვა ბავშვებს ფსიქოლოგიური ტრავმის მოხსნაში ეხმარება.

„როგოც მათი ნახატებიდან ხედავთ, ეს ბავშვები ომის, ბრძოლების, დაბომბვების და ძალადობის მოწმენი არიან. ისინი და მათი მშობლებიც საოცრად დაძაბულები არიან. ჩვენ გვესმის თუ რა მდგომარეობაში არიან ისინი,“ - ამბობს დირექტორი.

სკოლის გაზიანტეპის მერია აფინანსებს. მოსწავლეების ხარჯებსაც მერია ფარავს. ქალაიქ მერი ასიმ გუზელბეი ამბობს, რომ უცხოელი მოქალაქეების სიჭარბემ ქალაქში შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს. თუმცა, გაზიანტეპის მკვიდრ მოსახლეობას კარგად ახსოვს, თუ რა გადაიტანეს თავად მათ პირველი მსოფლიო ომის დროს.

„გაზიანტეპი 1918-21 წლებში საშინელი ომის მომსწრეა, სადაც ქალაქის მოსახლეობის 25 პროცენტი დაიღუპა. ამ ხალხმა კარგად იცის, თუ რას ნიშნავს, როცა ყველაფერს კარგავ და ლუკმაპურისთვის იბრძვი. ამიტომაც გვესმის სირიელების და მათ ვამხნევებთ,“ - ამბობს გუზელბეი.

მას სირიაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი და ქვეყნის ნგრევა აწუხებს, რისი დასასრულიც ჯერ არ ჩანს. გაზიანტეპის მერიაში ფიქრობენ, რომ სირიაში ომის გაგრძელების შემთხვევაში მათ ქალაქში დევნილთა რაოდენობა მოიმატებს.
XS
SM
MD
LG