ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უსამართლო და არასწორი" - კობახიძე ამერიკის საელჩოს პასუხობს


“უსამართლო და არასწორი “- ასე აფასებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ამერიკის საელჩო თბილისში, 3 იანვარს, მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მმართველმა პარტიამ, მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა.“

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები, დასავლელი პარტნიორების მიმართ, ქართული საზოგადოების ნდობას არყევს.

ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ოცდაათწლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად, ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ამ რჩევებს ვითვალისწინებთ. არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ,“ - აცხადებს კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ საელჩოს განცხადებაში, „ფაქტობრივი უზუსტობები“, „ტექნიკური შეცდომებია“ და „თანამშრომლების მიერ მიწოდებულ არასწორ ინფორმაციაზე“ საუბრობს.

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს, ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, ის, რომ საუბარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, რაც არასწორია. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა. სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორ ნაწილად გაყოფა და კომპეტენციები არათუ არ შემცირებულა, პირიქით, მთლიანობაში, ჯამურად გაფართოვდა ამ სამსახურის უფლებამოსილება. ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც მაგალითად დაშვებულია ამ განცხადებაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

3 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩო განსაკუთრებით შემაშფოთებელად მიიჩნევს მოსამართლეების დანიშვნის და საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში გამჭვირვალობისა ნაკლებობას.

„განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საელჩო კიდევ ერთხელ საუბრობს, საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე და ამბობს, რომ რუსული აგრესიისგან საქართველოს საუკეთესო დაცვა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე კანონის უზენაესობისადმი ერთგულებაა.

„ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“ - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG