სპიტაკის მიწისძვრიდან 29 წელი გავიდა. 1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთის ჩრდილოეთით ორმა ძლიერმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რიხტერის შკალით 6.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა 80 კილომეტრის დიამეტრის ფართობზე იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, სომხეთის ქალაქ სპიტაკსა და კიროვაკანში (დღევანდელი გიუმრი) 25 000-მდე ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრამ ორივე ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა. დაღუპულთა შორის იყო ბევრი ბავშვი. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მიხეილ გორბაჩოვმა შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა და დანგრეული ქალაქებისკენ გაემგზავრა. მან საბჭოთა ლიდერისთვის მანამდე უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა - საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის დახმარება სთხოვა.
მიწისძვრა დილით, ადგილობრივი დროით 11 საათსა და 41 წუთზე დაფიქსირდა. ბავშვების უმეტესობა სკოლებში იმყოფებოდა, უფროსები - სამსახურებში. პრაქტიკულად მთელ რეგიონში განადგურდა ელექტროგადამცემი სისტემები, წყალგაყვანილობა, გზები. ყველაზე მძიმე შედეგები სპიტაკის შემდეგ იყო ქალაქ ლენინაკანში, რომელსაც ახლა გიუმრი ჰქვია. იქ მაშინ 300 000 -მდე ადამიანი ცხოვრობდა. მაშინდელი ლენინაკანი სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქი იყო და ის მიწისძვრის შემდეგ ბოლომდე არასდროს აღდგენილა. დაზიანდა ქალაქი ვანაძორიც - ამჟამად კიროვაკანი. ერევანში მიწისძვრის სიმძლავრე 6 ბალი იყო.
სეისმომედეგობის მიმართ გაჩენილი კითხვები აიძულებდა საბჭოთა ლიდერებს დაედოთ პირობა, რომ სპიტაკში ხუთ სართულზე მაღალი შენობა აღარ აშენდებოდა. თუმცა, მანამდე ლიდერებს მკაცრად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს სამაშველო სამუშაოების კოორდინირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა. კატასტროფისთვის მზად არავინ აღმოჩნდა.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათწლეულების შემდეგაც გიუმრიში ათასობით ადამიანი რკინის კონსტრუქციებში აგრძელებდა ცხოვრებას.
Facebook Forum