ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლაფ შოლცი: "მასკის მიერ ევროპაში მემარჯვენეების მხარდაჭერა ამაზრზენია"


კანცლერი შოლცი
კანცლერი შოლცი

სამშაბათს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მკვეთრად გააკრიტიკა ილონ მასკის მიერ ევროკავშირში მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერა, უწოდა რა ამას „ნამდვილად ამაზრზენი“ და თქვა, რომ ეს ბლოკში დემოკრატიას აფერხებს.

ამერიკელი მილიარდერი და შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირე არაერთხელ დაესხა თავს კანცლერს და მის მთავრობას, მას მოუწოდებს გადადგეს და ამბობს, რომ უკიდურესად მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ქვეყნის ერთადერთი გადამრჩენია.

„ახალი ის არის, რომ ის მთელ ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა და ეს ნამდვილად ამაზრზენია და მთელ ევროკავშირში დემოკრატიული განვითარებისთვის კარგი არ არის“, ინგლისურ ენაზე უპასუხა შოლცმა ჟურნალისტის კითხვას, ბერლინში გამართული საკამპანიო ღონისძიების შემდეგ.

სულ ცოტა ხნის წინ, მასკი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საკამპანიო ღონისძიებაზე ვიდეო ხიდის მეშვეობით გამოვიდა და თქვა, რომ გერმანელებს მათი მშობლების ცოდვებზე ბრალი არ უნდა მოეკითხოთ და საკუთარი კულტურით უნდა იამაყონ.

„მე აბსოლუტურად ვაკრიტიკებ, რაც ილონ მასკმა გერმანიის ისტორიაზე თქვა“, განაცხადა შოლცმა და იქვე დაამატა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს პასუხისმგებლობის ტვირთის ტარებას იმაზე, რაც გერმანელებმა წარსულში გააკეთეს.

"გერმანია შეერთებული შტატების მადლიერია ნაცისტებისგან გათავისუფლებისთვის და კვლავ დემოკრატიად გადაქცევაში დახმარებისთვის",- თქვა შოლცმა და დაამატა: „ამიტომ ვარ ასე განრისხებული, რომ ილონ მასკი უკიდურესად მემარჯვენეების სასარგებლოდ ერევა“.

გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებმა ანტი-იმიგრაციული, ანტი-ისლამური „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა, მაგრამ ქვეყანაში მომავალი ვადამდელი არჩევნების წინ, ეროვნული მასშტაბით გამოკითხვებში მეორე ადგილს იკავებს. ამჟამად ქვეყანაში იმიგრაციის თემაზე დებატები გაძლიერებულია ძალადობრივი თავდასხმების გამო, რომლებშიც უცხოელი ეჭვმიტანილები ფიგურირებენ.

XS
SM
MD
LG