ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის საქმეს იძიებს


მოქალაქეებს მაგდებურგში, გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლების პატივსაცემად, ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. 22 დეკემბერი, 2024 წელი.
მოქალაქეებს მაგდებურგში, გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლების პატივსაცემად, ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. 22 დეკემბერი, 2024 წელი.

გერმანია ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის გამოძიებას აგრძელებს. ბაზრობაზე ავტომობილით შეჭრილმა თავდამსხმელმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შემდეგ ქვეყანაში დანიშნული ვადამდელი არჩევნების წინა პერიოდში, უსაფრთხოება და იმიგრაცია დამატებითი ყურადღების ქვეშ მოექცა.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის 50 წლის ფსიქიატრია, წარმოშობით საუდის არაბეთიდან, რომელიც ანტი-ისლამურ განცხადებებს აკეთებდა და "ალტერნატივა გერმანიისთვის" - ულტრა მემარჯვენე პარტიის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. თუმცა მისი მოტივი ჯერ კიდევ უცნობი რჩება.

თავდასხმის დღეს მან "X"-ზე ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც არეულად ამბობს, რომ გერმანიის თითქოსდა ლიბერალიზმს ადანაშაულებს სოკრატეს, ბერძენი ფილოსოფოსის სიკვდილში, პოლიციას კი ადანაშაულებს, რომ მას ციფრული მეხსიერების ბარათი მოპარეს და გაანადგურეს სისხლის სამართლის საჩივარი, რომელიც მან შეიტანა. გაზეთი "Welt"-ი წერს, რომ ის ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადიოდა.

მოქალაქეები კი მაგდებურგში, საშობაო ბაზრობის მახლობლად, სადაც პარასკევს თავდასხმა მოხდა, მსხვერპლთა პატივსაცემად, ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. ბევრი სვამს კითხვას, შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან არიდება და გააკეთეს თუ არა რამე არასწორად ოფიციალურმა პირებმა.

ორშაბათ საღამოს მაგდებურგში მიგრანტების საწინააღმდეგო მსვლელობაც გაიმართა. პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" მიერ ორგანიზებული აქციისას, რომელშიც დაახლოებით 3 500 მოქალაქე მონაწილეობდა, მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ საჭიროა ცვლილებები იმისთვის, რომ "ჩვენ დავუბრუნდეთ უსაფრთხოდ ცხოვრებას". დემონსტრანტების შეძახილებს შორის ჭარბობდა მოწოდებები "დაადეპორტეთ ისინი".

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფესერი უფრო მკაცრ შიდა უსაფრთხოების კანონების შემუშავების მოწოდებით გამოვიდა, მათ შორის საპოლიციო ძალების გაძლიერების და ბიომეტრიული თვალთვალის უფლების მოთხოვნით. ბუნდესტაგის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კი განაცხადა, რომ ჩაატარებს სპეციალურ სესიას იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ იყო გათვალისწინებული ის საფრთხე, რასაც ეჭვმიტანილი საზოგადოებას უქმნიდა, და რატომ არ მიიღეს ზომები, თუკი გამაფრთხილებელი ნიშნები მანამდეც არსებობდა. ეჭვმიტანილი თალებ ა. გერმანიაში 2006 წლიდან ცხოვრობდა.

გერმანიაში თებერვალში ვადამდელი არჩევნები იმართება, რომელშიც, გამოკითხვების თანახმად, პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" მეორე ადგილი უკავია. ის განსაკუთრებით ძლიერია აღმოსავლეთ გერმანიაში, სწორედ იქ, სადაც მაგდებურგი მდებარეობს.

XS
SM
MD
LG