ოფიციალური პირების ცნობით, პარასკევ დილით უკრაინის დედაქალაქში რუსული ბალისტიკური რაკეტები აფეთქდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით თავდასხმის პასუხი იყო. აფეთქებების შედეგად რამდენიმე საელჩოს შენობა და ისტორიული ტაძარი დაზიანდა.
ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, კიევში სულ მცირე სამი აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ქალაქის მიმართულებით გაშვებულ ხუთ “ისკანდერ” რაკეტას გზა გადაუჭრა. თავდასხმამ 630 საცხოვრებელ შენობას, 16 სამედიცინო დაწესებულებას და 30 სკოლას და საბავშვო ბაღს გათბობა შეუწყვიტა. რაკეტების ნამსხვრევებმა სამ უბანში ხანძრები გააჩინა და ზიანი გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმა რუსეთის როსტოვის რეგიონზე ორი დღით ადრე უკრაინული სარაკეტო თავდასხმაზე პასუხი იყო. იმ თავდასხმისთვის უკრაინამ ექვსი ამერიკული ATACAMS რაკეტა და ოთხი ბრიტანული Storm Shadow საჰაერო ბაზირების რაკეტა გამოიყენა. უკრაინის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე როსტოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო და იმ კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც რუსეთის აგრესიის ომის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული.