შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ 11 თებერვალს სანქციები დაუწესეს რუსულ ვებჰოსტინგის სერვისის პროვაიდერს და ორ რუს მამაკაცს, რომლებიც მას მართავენ, რუსული პროგრამით მოქმედი დანაშაულებრივი ქსელის, LockBit-ის მხარდასაჭერად.
აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) და მისი ბრიტანელმა და ავსტრალიელმა კოლეგებმა სანქციები დაუწესეს Zservers-ს, რუსეთში დაფუძნებულ ჰოსტინგის მომსახურების მიმწოდებელს და ორ რუს მოქალაქეს, რომლებიც Zservers-ის ოპერატორებად მუშაობენ.
ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ Zservers-მა LockBit უზრუნველყო სპეციალიზებული სერვერებით, რომელიც მას საშუალებას აძლებს გვერდი აუაროს სამართალდამცავებს.
LockBit-ის პროგრამით განხორციელებულმა შეტევებმა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მსხვერპლს 120 მილიონ დოლარზე მეტი გამოსასყიდი გამოსძალა.
LockBit 2019 წლიდან მოქმედებს და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული გამომძალველი პროგრამის ვარიანტს, რომელიც აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) მონაცემებით, კვლავ აქტიურია.
აშშ-ის ხაზინის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის მოვალეობის შემსრულებელმა მდივანმა, ბრედლი ტ. სმიტმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ „დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, დავანგრიოთ ამ დანაშაულებრივი ეკოსისტემის ყველა ასპექტი, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ის, რათა დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება".
გამომძალველი პროგრამით (ransomware) განხორციელებული შეტევები კიბერდანაშაულის ყველაზე ძვირადღირებული და დესტრუქციული ფორმაა, რომელიც ადგილობრივი მთავრობების, სასამართლო სისტემების საავადმყოფოების, სკოლებისა და ბიზნესების პარალიზებას ახდენს.
ამ პრობლემასთან ბრძოლა რთულია, რადგან უმეტესობა ასეთი დანაშაულებრივი ჯგუფებისა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს და დასავლეთის სამართლის სისტემისთვის მიუწვდომელია.