ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

PEN: "პუტინის მესამე ვადის შემდეგ მედიის მდგომარეობა რუსეთში გაუარესდა"


უფლებადამცველი ორგანიზაციის ახალი შეფასების თანახმად, იმ კანონებმა და რეგულაციებმა, რომლებიც 2012 წლიდან ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შეიქმნა, ინფორმაციასა და გამოხატვის თავისუფლებაზე კრემლის კონტროლი კიდევ უფრო გააძლიერა და გაამკაცრა.

ანგარიში, რომელიც „პენ ინთერნეშენალის“ მოსკოვისა და პეტერბურგის ოფისების ხელმძღვანელობით შეიქმნა, სწორედ იმ შეზღუდვებს გამოყოფს, რომელიც ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადით არჩევის შემდეგ გამკაცრდა - კანონმდებლობას, რომელმაც მთავრობის კრიტიკა კრიმინალად აქცია, კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებებით პროპაგანდა კიდევ უფრო გააძლიერა და სამიზნეში ამოიღო ბიბლიოთეკებიც კი, სადაც მთავრობის მტკიცებით, „ექსტრემისტულ მასალებს“ ინახავდნენ.

“რუსეთში გამოხატვის თავისუფლებას აგრესიულად ესხმიან თავს ყველა ფრონტზე, ეს ეხება არა მხოლოდ მწერლებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ხელოვანებს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს“, - ამბობს ჯენიფერ კლემენტი, „პენ ინტერნეიშენალის“ პრეზიდენტი, „ეს ანგარიში აჩვენებს თუ როგორი გზებით აჩუმებენ რუსეთში ადამიანებს“.

"პენ-მოსკოვის" აღმასრულებელი დირექტორი ნადეჟდა აჟგიხინა კი ამბობს, რომ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა მწერლებს, არტისტებსა და აქტივისტებს, პუტინის მესამე ვადიდან კიდევ უფრო მეტად შეეზღუდათ და ამან კიდევ უფრო დაავიწროვა სამოქალაქო დისკურსისთვის არსებული სივრცე. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მაღალი ეშელონების წარმომადგენლებმა დისიდენტები დააშინეს და გააჩუმეს, ამ ქმედებებისთვის კი არავინ ისჯებოდა და დაუსჯელობის განცდამ მდგომარეობა კიდვე უფრო დაამძიმა.

„დამოუკიდებელი ჟურნალისტების ბედი რუსეთში მძიმეა, ზოგიერთმა სიცოცხლითაც კი გადაიხადა საფასური", - ამბობს ის, „ჩვენ გვახსოვს ჩვენი უშიშარი კოლეგა და მეგობარი ანა პოლიტკოვსკაია, რომელსაც მისივე საცხოვრებელი სახლის შესასვლელში ესროლეს, მოსკოვის ცენტრში. მისი მკვლელობისთვის ჯერ კიდევ უნდა აგონ პასუხი. დაუსჯელობა აძლიერებს მოძალადეებს, დროა დასრულდეს ეს მოჯადოებული წრე ერთხელ და სამუდამოდ", - ამბობს აჟგიხინა.

პოლიტკოვსკაია, რომელიც რუსეთის პოლიტიკას და ჩეჩნეთში მეორე ომს აშუქებდა საერთაშორისო მედიასაშუალებებისთვის, 2006 წლის 7 ნოემბერს მოკლეს. 2014 წელს 5 მამაკაცი - ორი ყოფილი პოლიციელი და სამი ჩეჩენი გაასამართლეს მისი მკვლელობისთვის. ჩეჩნეთის მოქალაქეები არაერთ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ, იქნება ეს პუტინის პოლიტიკური, თუ მედია კრიტიკოსები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი, რომელსაც კრემლთან ახლოს 2015 წელს ესროლეს და მოკლეს. მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში, ჟურნალისტები ადასტურებდნენ, რომ გამოძიება შესაბამისად არ მიმდინარეობდა და ამ მკვლელობების შეკვეთისთვის არავინ ისჯებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურად უდანაშაულოდ რჩებოდნენ და მკვლელობებში ყველანაირ მონაწილეობას უარყოფდნენ.

"პენ"-ის ანგარიში ასევე ამახვილებს ყურადღებას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზეც. მათ შორის დასახელებულია 2014 წელს, ცნობილი უკრაინელი მწერალისა და რეჟისორის ოლეგ სენცოვის დაკავება, რომელიც ხშირად და დაუფარავად აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და რომლის ექსტრადირება და რუსული მხარისთვის გადაცემაც საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მოხდა. ტერორიზმის ბრალდებით, მას ახლა 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ანგარიშში ასევე საუბარია შემოქმედებით თავისუფლებაზე და კულტურის სფეროში არსებულ შეზღუდვებზე, რომელთა მსხვერლნიც ხელოვანები და ლიტერატორებიც ხშირად ხდებიან. მათ შორისაა თეატრის რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი, რომელიც შინა პატიმრობაში იმყოფება.

ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეცვალონ კანონმდებლობა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და ასევე გადახედონ ანტი-ექსტრემისტულ კანონმდებლობას, რომლის ფართო განმარტებებსა და ფარგლებშიც ხშირად სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ექცევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG