რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მზადება „მოწინავე ეტაპზეა“, – წერს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-მ, ერთ-ერთ მაღალი რანგის კანონმდებელზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ, აღნიშნა, რომ შეხვედრა შესაძლოა თებერვალში ან მარტში გაიმართოს.
როგორც ტრამპმაც, ისე პუტინმაც გამოთქვეს სურვილი, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე გაიმართოს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი შესაძლოა ბირთვული შეიარაღების კონტროლი და გლობალური ენერგეტიკული ფასები იყოს. ასევე, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მიზანია უკრაინის ომის სწრაფი დასრულება.
სლუცკის თქმით, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ასევე განიხილება ახლო აღმოსავლეთის საკითხები.
„მზადების პროცესი სერიოზულ სამუშაოს მოითხოვს, რომელიც – და აქ არაფერს ვამხელ – ამჟამად საკმაოდ მოწინავე ეტაპზეა,“ – განაცხადა სლუცკიმ.
თუმცა, მან უარი თქვა შეხვედრის ზუსტ თარიღზე საუბარზე.
„თებერვალი ან მარტი – ნუ ვიმარჩიელებთ, მივცეთ ლიდერებს შესაძლებლობა, მომზადდნენ კომპეტენტურად და ყოვლისმომცველად, მაგრამ ეს მალე მოხდება,“ – მოჰყავს RIA-ს მისი სიტყვები.