შეერთებულ შტატებში ბოლო დღეებში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა მისისიპის შტატში ორი ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიურმა უბედურებამ რამდენიმე შტატში შენობები დააზიანა, ხეები ამოგლიჯა და ელექტროგაყვანილობის ბოძები წააქცია.
შტორმი სამშაბათს, 4 მარტს დაიწყო და დღესაც გრძელდება. ქარიშხალი მძვინვარებს ოკლაჰომის, მისისიპის, ტეხასის, ლუიზიანის, ალაბამისა და ტენესის შტატებში.
ამერიკის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მათი რიცხვი ტეხასში 111 000-ს აჭარბებს.
ქარიშხლის გამო შეერთებული შტატების აეროპორტებში დაგეგმილი ფრენები მნიშვნელოვნად შეფერხდა. უამინდობა 1350-ზე მეტი რეისს შეეხო. აქედან 850-ზე მეტი რეისი საერთოდ გაუქმდა, დანარჩენი კი დროებით გადაიდო.
სინოპტიკოსების ცნობით, შტორმს კონტინენტის დასავლეთ სანაპიროზე, კერძოდ - კალიფორნიის შტატშიც ელოდებიან. კალიფორნიის ნაწილში წვიმა, უფრო მთიან რეგიონებში კი თოვლია გამოცხადებული.