ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო


ოპოზიციური პარტიების, სალომე ზურაბიშვილის, ევროპარლამენტარების და ამერიკელი კონგრესმენების, ასევე სხვა პოლიტიკოსების მოწოდებების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ გადადო საქართველოში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი.

ამის შესახებ პია კაუმამ პლატფორმა "X"-ზე თავად დაწერა.

„დისკუსიებისა და ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტის გადადება იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტიანი იქნება“, - წერს ის.

მისი განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა, „მოუსმინოს ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“.

მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა სალომე ზურაბიშვილი და ვიზიტის გადადებას „ძალიან გონივრული“ უწოდა.

„ქართველი ხალხი აფასებს თქვენ მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა "X"-ზე.

მის მიერ ვიზიტის გადადებას "X"-ზევე მიესალმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეც. ასევე, ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი და რასა იუკნევიჩიანე.

პია კაუმა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს 8-10 იანვარს გეგმავდა.

კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ არსებობდა რისკი, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს ვიზიტი „პროპაგანდისტული მიზნებისთვის“ გამოეყენებინა იმ პირობებში, როდესაც მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე ბევრი ლიდერისგან ისმის შეკითხვები.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის დაგეგმვა გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა, ამერიკელმა კონგრესმენმა, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონმა, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამაც, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს და გაყალბებულად მიიჩნევენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობასა და საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს. ისინი ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი 5 იანვარს "X"-ზე წერდა: „პრეზიდენტ კაუმას ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება თანამშრომლობის ფორმატების განსახილველად“.

XS
SM
MD
LG