ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობისთვის, 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის რაიონში, სოფელ წინანდალთან, მუხიანის ტყეში, გუშინ მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმე გახსნა, ერთ-ერთი დაკავებული სწორედ ზურაბ ზვიადაურია.
„ზურაბ ზვიადაურმა ნიკა კენჭოშვილს შურისძიების მოტივით ესროლა. შესაბამისად აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა გამოირიცხა და ამიტომაც აქვს მას ბრალად წარდგენილი განზრახ მკვლელობაკახეთის სამხარეო პროკურორი
სისხლიანი გარჩევის დროს, რომელშიც ოლიმპიური ჩემპიონიც იყო ჩართული, ზვიადაურების მხრიდან, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და ახლო მეგობარი ალიკა ცოცხალაშვილი დაიღუპა.
ეს უკანასკნელი რუსეთში მცხოვრები ე.წ „კანონიერი ქურდის“ სერგო ცოცხალაშვილი იგივე „ზურაბ კახეთელის“ ახლო ნათესავია. ასევე დაიჭრნენ ზვიადაურების ახლობლები - ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.
"ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა შსს-ს ცნობით, სხვისი იარაღიდან გასროლით ნიკოლოზ კენჭოშვილი მოკლა, რომელიც ჭიათურის რაიონის სოფელ თაბაგრებიდან იყო და წინანდალში მუშად მუშაობდა.
პოლიციამ სამმაგი მკვლელობის ადგილიდან, "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ თავდაპირველად, 1971 წელს დაბადებულმა ალიკა ცოცხალაშვილმა გახსნა ცეცხლი, რასაც დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
ნიკა კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ორი პირი: ალიკა ცოცხალაშვილი და 1976 წელს დაბადებული ზვიად ზვიადაური შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც ისროლა, რა დროსაც ნიკა კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„ამ ეტაპზე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ხვალ მოხდება ბრალის წარდგენა"მაგდა კოტრიკაძე, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი
ზურაბ ზვიადაური, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა, თელავის იზოლატორშია მოთავსებული და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულია ზვიადაურის ახლობელი ჯაბა ჯანგირაშვილიც, გამოძიების ცნობით, ზვიადაურმა კენჭოშვილი სწორედ ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან მოკლა.
"ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, საჯაროდ ღიად საუბარი, მაშინ როდესაც მოწმეები სრულად არ არიან გამოკითხულნი, ბრალის წარდგენა ხვალ მოხდება“ - აღნიშნა ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.
40 წლის ზურაბ ზვიადაური, 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელია, ასევე არის სპორტის რაინდის წოდების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ღირსების ორდენი კავალერი.
2012 წელს, ზურაბ ზვიადაური მერვე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, მშობლიურ ქალაქ ახმეტიდან.
2017 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ყოფილი დეპუტატი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ დაასაქმა, ზურაბ ზვიადაურს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დარგში კონსულტანტის თანამდებობა ეკავა.
პარალელურად ზვიადაური ბიზნესის აწყობას ცდილობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის ადგილზე, წინანდლის ტყეში, მშენებარე ღვინის მცირე მარანი, სადაც საბედისწერო კონფლიქტი დაიწყო, სწორედ ზვიადაურს ეკუთნოდა.
თუ ოლიმპიურ ჩემპიონს, განზრახ მკვლელობის გამო ბრალი დაუმტკიცდა, მას 15 წლამდე პატიმრობა ელის. არაოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ "აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა".
ასევე ცნობილი ხდება, რომ ზვიადაურის განთავისუფლებას ითხოვენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და "ქართული ოცნების" რამდენიმე პოლიტიკოსი, ისინი მზად არიან ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ.
„ზურაბ ზვიადაურმა ნიკა კენჭოშვილს შურისძიების მოტივით ესროლა. შესაბამისად აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა გამოირიცხა და ამიტომაც აქვს მას ბრალად წარდგენილი განზრახ მკვლელობა“ - ამბობს საპასუხოდ, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი.
Facebook Forum