ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილმი „მიზანი ნომერი ერთი“


“ვულგარულად დამახინჯებული“ თუ რეალური ისტორიის ასახვა?

2013 წლის ოსკარების ჯილდოზე ხუთი ფილმია წარდგენილი. მათ შორის არის ქეთრინ ბიგელოუს ნამუშევარი სახელწოდებით „მიზანი ნომერი ერთი.“ ფილმი ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას ასახავს. ნამუშევარმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი პენელოპ პოლო არკვევდა.

ფილმში „მიზანი ნომერი ერთი“ ოსამა ბინ ლადენის ძებნის ოპერაციის კადრს მიღმა ისტორიაა ასახული. აქ ნაჩვენებია ის სადაზვერვო მეთოდები, რომელსაც ალ-ყაიდას ლიდერის ადგილის დადგენაში იყენებდნენ. ბევრი ამას წამებას უწოდებს.
რეჟისორი ქეთრინ ბიგელოუ ამბობს, რომ ეს სცენები რეალურ ამბებს ეყრდნობა და სიუჟეტის განვითარებისთვის აუცილებელი იყო:

„მნიშვნელოვანია რომ სიზუსტე და უტყუარობა დაცული იყოს. ეს არ არის ადვილი ამოცანა, თუმცა გარდაუვალია და ათწლიანი ნადირობის ნაწილია.“

ფილმს ზოგიერთი კანონმდებელი უკვე აკრიტიკებს. მათი თქმით, აქ ასახული დაკითხვის სცენები წარმოდგენილია, როგორც სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების ეფექტური მეთოდი. ერთერთ ასეთ მეთოდს წყალში დახჩობის სიმულაცია წარმოადგენდა. ზოგიერთმა სენატორმა, მათ შორის რესპუბლიკელმა ჯონ მაკეინმა ფილმს “ვულგარულად დამახინჯებული და სიცრუეში შემყვანი“ უწოდა.

„როცა ამ ფილმს უყურებთ, იჯერებთ, რომ ოსამა ბინ ლადენის განადგურება წამების და წყალში დახრჩობის სიმულაცის გამოყენებით ხდებოდა. ეს არ არის მართალი,“ - აცხადებს მაკეინი.

2011 წლის მაისში ოსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ, კონგრესმენმა პიტერ კინგმა რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საშინაო უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ოპერაციაში მთავარი როლი წყალში დახრჩობის სიმულაციამ შეასრულა.

„მე ვესაუბრე ადამიანებს ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. მათი თქმით, თავდაპირველი ინფორმაცია მიიღეს ხალიდ შეიხ მოჰამედისგან, წყალში დახრჩობის იმიტაციის შემდეგ,“ - განაცხადა კინგმა.

მოგვიანებით, კონგრესმენმა კინგმა დაზვერვის და თავდაცვის დეპარტამენტის იმ ჩინოსნების საქმის გამოძიება მოითხოვა, რომელთა მეშვეობითაც ამ ინფორმაციამ ფილმის შემქმნელებამდე მიაღწია.
სცენარისტი მარკ ბოლი ბრალდებებს უარყოფს.

„ეს არის ფილმი, რომელსაც თქვენთვის დაფარული სცენებს გიჩვენებთ, რაც ძალიან კარგია,“ - ამბობს ბოლი.

ფილმი „მიზანი მხოლოდ ერთი“ პირველი არ არის, სადაც დაკავების ცენტრებში მომხდარი ფაქტებია ასახული. ალექს გიბნის დოკუმენტურმა ფილმმა „ტაქსი ბნელი მხარისკენ“ ერაყში აბუ ღრაიბის ციხეში მომხდარი ფაქტები ასახა და ოსკარი დაიმსახურა. ასევე რეჟიროსმა ფილმში „ფიცი,“ გუანტანამოს ბაზაზე არსებული ვითარება გააცნო მაყურებელს.

ფილმს „მიზანი ნომერი ერთი“ ზოგიერთი კინომცოდნე იმის გამო აკრიტიკებს, რომ ბოლოში ადამიანთა წამება მიზნის მისაღწევად ერთგვარად გამართლებულად არის წარმოჩენილი. რეჟისორი ბიგელოუ კი ამბობს, რომ მათ ასახეს ის, რაც სინამდვილეში ხდებოდა.
XS
SM
MD
LG