ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის შენობასთან „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, საპატიმროში პროტესტის ნიშნად მე-11 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კოლეგებმა მას თავად საერთო წერილითაც მიმართეს და მოუწოდეს, შიმშილობა შეწყვიტოს.
„თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
ჟურნალისტმა, „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება, - ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივრის არმიღება - არის პოლიტიკური გადაწყვეტილება: „ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, სანამ მზია არ გათავისუფლდება“, - თქვა მთივლიშვილმა.
21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი, - სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებდა, მისი პატიმრობა არ გაეგრძელებინა.
პარლამენტთან აქციაზე 22 იანვარს ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ თანადამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ის ცდილობდა პარლამენტის სპიკერთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ამაღლობელის საკითხზე სასაუბროდ, თუმცა უშედეგოდ:
„„მინდოდა, მისთვის [პაპუაშვილისთვის] მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები... მინდოდა მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ფუნქციონირებს კონსტიტუცია და შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, მზია ამაღლობელის გაშავებას პირადად. არ არის ეს სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც არცერთი გაგებით, რასაც ისინი აღიარებენ. არ არის სწორი, ქალი, რომელიც სინდისის პატიმარია, ყოველდღიურად იყოს თავდასხმის მსხვერპლი ამ ვერტიკალისგან“, - თქვა ეთერ თურაძემ.
შალვა პაპუაშვილმა 13 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც ამ ვითარებამდე მივყავართ. ჟურნალისტმა ხელი აღმართა პოლიციელზე“.
პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ.
„პუბლიკის“ დამფუძნებელმა ზურაბ ვარდიაშვილმა აქციაზე წაიკითხა განცხადება, რომელსაც ამაღლობელს კოლეგები უგზავნიან და სთხოვენ, შიმშილობა შეწყვიტოს:
„მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ფასდაუდებელია ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. გვჯერა, რომ ბევრი ერთად გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენ გვერდით ვართ, შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალამოცემულები, და გთხოვთ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება“, - მიმართავენ ჟურნალისტები დაპატიმრებულ კოლეგას.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით. მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
17 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ) განაცხადა, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლონ; ასევე გამოკვლეული იქნეს, ამაღლობელის პატიმრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო შურისძიებას ხომ არ ემსახურება.
21 იანვარს ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად, საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა რევაზ (რეზო) კიკნაძემ, რომელიც პროევროპულ აქციებზე 6 დეკემბერს დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით. 22 იანვარს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთმა დაკავებულმა დემონსტრანტმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ვაშინგტონში მყოფმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა და პლატფორმა "X"-ზე დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.